ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მსოფლიოს ლიდერებთან ინტერნეტით გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უნდა დაასრულოს თავდასხმები უკაინაზე და უნდა დათანხმდეს აშშ-ის მიერ შემოთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტას.
15 მარტს გამართულ ვირტუალურ სამიტზე, რომელშიც 25-მდე ლიდერი, ძირითადად ევროპელები მონაწილეობდნენ, სტარმერი გამოვიდა მოსკოვზე ზეწოლის შენარჩუნების მოწოდებით და თქვა, რომ ლიდერები მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების საკუთარი ძალებით დასაცავად.
"თუ პუტინს მშვიდობა მართლა აინტერესებს, ვითარება მარტივია - მან უნდა შეწყვიტოს თავისი ბარბაროსული თავდასხმები უკრაინაზე და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას" - თქვა სტარმერმა ვიდეომიმართვაში, რომელსაც ასევე უსმენდნენ სამიტის მონაწილეები კანადიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან, თუმცა არა აშშ-დან.
"ვფიქრობ, მას ადრე თუ გვიან მოუწევს მაგიდასთან დაჯდომა და სერიოზულ დისკუსიაში ჩართვა" - თქვა სტარმერმა. "ჩვენ გულხელდაკრეფილი ვერ ვისხდებით და ამას ვერ დაველოდებით. ჩვენ კვლავ წინ უნდა წავიწიოთ, წინ ვიაროთ, ვემზადოთ მშვიდობისთვის - იმ მშვიდობისთვის, რომელიც იქნება უსაფრთხო და მდგრადი" - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
შეხვედრამდე გავრცელებულ განცხადებაში სტარმერმა პუტინს ბრალი დასდო საზავო წინადადებაზე გადაწყვეტილების "გაჭიანურების მცდელობაში", მისთვის "აზრს მოკლებული პირობების" დამატებით.
ბრიტანეთს, საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს ნათქვამი აქვთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შესაძლოა უკრაინაში გაგზავნონ მშვიდობის დამცველი კონტინგენტი.