სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო „აგენტების კანონის“ განხილვა, იუწყებიან უფლებადამცველები

3 weeks ago 31

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუწყება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქართველოს „აგენტების კანონის“ განხილვა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა და „სახელმწიფოს გამოუგზავნა შეკითხვები, რომლის შესახებაც უნდა იქნას პასუხი გაგზავნილი“.

„სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს, ამასთან დაკავშირებით არის საუბარი კორესპოდენციაში, რომელიც მივიღეთ“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

მისი თქმით, მსგავსი სტატუსი ენიჭება საქმეებს, რომლებიც „ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“.

ინფორმაცია განახლდება

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მედიის წარმომადგენლებმა და კერძო პირებმა „აგენტების კანონის“, - რასაც ისინი რუსულ კანონს უწოდებენ, - წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი 2024 წლის შემოდგომაზე შეიტანეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში 17 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სარჩელი შეიტანეს 16 მედიაორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების 120 ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირისსახელით.

მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შემდეგი უფლებების დარღვევებზე დავობენ:

  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი),
  • გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი),
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი),
  • დისკრიმინაცია (მე-14 მუხლი),
  • სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება (მე-13 მუხლი)
  • უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მე-18 მუხლი).

მანამდე, 2024 წლის ოქტომბრის დასაწყისში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერებაზე.

4 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერში, რომელიც 9 ოქტომბერს, გამოქვეყნდა, სასამართლო წერს:

„არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“.

ამასთან, 2025 წლის 24 მარტს, „ქართული ოცნების“ კოლეგიის მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა „აგენტების კანონის“ საჩივარ - რაც მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა გასაჩივრებული, - საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოიწვია.

სრულად წაკითხვა