"სული გაგვიყინა, გული გაგვიხეთქა..." - 7 წლის ნიტას ახლობლები ემშვიდობებიან

12 hours ago 5

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა.

სკოლასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მეორე კლასელი გოგონას, ნიტა ბოლქვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"კვირის პალიტრა" მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანს გაესაუბრა:

"ძალიან მძიმე ამბავი მოხდა და ყველანი განვიცდით. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს. დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები და ექსპერტები შემთხვევის ადგილზე, გამოძიება მიმდინარეობს და მეტ დეტალს ისინი დაადგენენ. ამ ეტაპზე ვიცი ის რომ ბავშვი გადადიოდა ქუჩაზე და ამ დროს სამარშრუტო მანქანა დაეჯახა, მანქანა ძალიან ნელა მიდიოდა, სკოლის მოპირდაპირე მხარეს მოხდა ეს უმძიმესი ტრაგედია, სკოლასთან. გოგონა მეორე კლასის მოსწავლეა. ბავშვი იქ როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი. როგორც მაქვს ინფორმაცია სკოლაში აკითხავს ბავშვებს მიკროავტობუსები და იმით ანაწილებენ სახლებში. როგორც შევიტყვე, სკოლის მიმდებარედ გზის სავალ ნაწილზე მოხდა ავარია. საჭესთან იჯდა ბათუმის ავტოსატრანსპორტო გაერთიანების ავტოკოლონის მძღოლი. როგორც ვიცი, მან გააჩერა ავტომანქანა, მანქანიდან გადმოვიდა ორი პედაგოგი, რომლებიც სკოლაში მიდიოდნენ, ისინი გადმოვიდნენ მანქანიდან, შემდეგ მძღოლმა დაძრა მანქანა და ამ დროს მოხდა ავარია. ალბათ მძღოლმა ვერ შენიშნა ბავშვი, როგორც თავად მძღოლი ამბობს, ბავშვმა წინ გამირბინაო. დანარჩენს ალბათ გამოძიება დაადგენს. ექსპერტი იყო მოსული და იქ კარგა ხანს მუშაობდნენ. ბავშვი ადგილზე არ გარდაცვლილა, სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში. თავიდან ითქვა, რომ თითქოს ბავშვი კარგად იყო, მაგრამ მერე დარეკეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ძალიან მძიმე ამბავია მეორე კლასელი ბავშვის გარდაცვალება. მძღოლი არსად წასულა, ბოლომდე იქ იყო. დაემართა ეს უბედურება და იქ იდგა გაქვავებული. ცუდად არის თვითონაც, ძალიან სამწუხარო ამბავია, ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ ოჯახს, ახლობლებს",- ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ორთაბათუმში როსტომ ფაღავა.

ჩვენ ბუნებრივია ნიტა ბოლქვაძის სკოლაშიც დავრეკეთ, რომ მომხდარზე მეტი დეტალი გაგვერკვია და მიგვეღო პასუხი მთავარ კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა პატარა გოგონა ცენტრალურ გზაზე, თუმცა სკოლის დირექტორმა გვითხრა, რომ მომხდარით ძალიან შეძრულია და ისეთ მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, საუბარს ვერ შეძლებდა.

"ისე ცუდად ვარ დალაპარაკების თავიც არ მაქვს, ტრაგიკური შემთხვევა იყო და მეტის თქმა არ შემიძლია",- მითხრა მან და ტელეფონი გამითიშა.

სოციალურ ქსელში უკვე ემშვიდობებიან სიცოცხლით სავსე პატარა გოგონას ახლობლები და ყველა განიცდის მომხდარს.

"მშვიდად განისვენე მთელი სოფლის და სკოლის პატარა ანგელოზო! მუდამ ჩვენ გულში დარჩები, როგორც ციცქნა, პატარა, მორცხვი, ულამაზესი, უთბილესი და უსაყვარლესი გოგონა. სამარადისოდ მემახსოვრება ყველა შენი ჩახუტება, როცა სკოლის დერეფანში, ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში წამებში აღმოჩნდებოდი, რათა მოგვფერებოდი თითოეულ მასწავლებელს, შენ ხომ ყველა მთელი გულით გიყვარდა! ნათელში ყოფილიყოს შენი ლამაზი სული! ჩვენ, კი ყველას გამძლეობა მოგვცეს უფალმა, განსაკუთრებით კი შენ მშობლებს, რომლებიც ყველგან გეძებენ, ჩემო კოპწია და უნაზესო გოგო,"- ასეთ ემოციურ სტატუსს წერს ფეისბუქში მისი ერთ-ერთი პედაგოგი.

"რა უნდა ვთქვა, სული გაგვიყინა, გული გაგვიხეთქა. მასთან ერთად ჩვენი სიცოცხლის ნაწილიც დასრულდა. ნიტა 7 წლის, მეორე კლასელი გოგონა იყო. ჩვენი შვილების მეგობარი და თანატოლი, წესიერი, ჭკვიანი და ულამაზესი ფერია გოგო გვყავდა. კარგი დედის უკარგესი შვილი. არასოდეს არ დავივიწყებთ და სიცოცხლის ბოლომდე ვარდებით მოვურთავთ მის საფლავს.

მის მშობლებს კი დავეხმარებით ფეხზე წამოდგომაში. ძალიან მტკივა სული, ყველგან დაეძებს მისი დედიკო თავის ფერია გოგოს. როგორც ვიცი, ბავშვი სკოლის ეზოდან გამოსული იყო, დღის 1 საათზე დატრიალდა ეს უბედურება. სკოლის მარშუტში იჯდა, უცებ გახსენებია ერთი ბავშვი, მისი მეგობარი, მას დავუძახებო, ჩამოსულა "მარშუტკიდან" და წამებში მოხდა ყველაფერი. ამ დროს ქვემოდან მომავალ მარშუტს გადაურბინაო და დატრიალდა ამხელა უბედურება. ვის უნდოდა ეს ამბავი მომხდარიყო, ყველანი გაგვანადგურა ამ ფაქტმა. არ მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ, უამრავი ვერსია ვრცელდება, სიმართლე გითხრათ, ახლა ყველანი ისეთ დღეში ვართ, დეტალების გარკვევის თავიც არავის აქვს. გამოძიება დაწყებულია. როგორც ვიცი, ამ საშინელი ფაქტის შემდეგ ისევ ჩვენმა მარშუტის მძღოლმა მარშუტკით გადაიყვანა საავადმყოფომდე, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. გაგვანადგურა ყველა ამ ამბავმა. მშვიდობით ჩვენო სიფრიფანა გოგო", -ასე ემშვიდობება ნიტას მისი მეგობრის მშობელი.

წყარო: "კვირის პალიტრა"

სრულად წაკითხვა