ირაკლი კობახიძემ რეგიონული განვითარების მინისტრად კახა კალაძის ყოფილი მოადგილე, სამგორის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კახა გულედანი წარადგინა. ამ პოსტზე მთავრობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნას გეგმავდა მას შემდეგ, რაც მან სუს-ი დატოვა და ამ უწყების ხელმძღვანელად ყოფილი დეპუტატი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ანრი ოხანაშვილი დაინიშნა.
„რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა. გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ჩვენ ერთობლივად. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნება ბატონი კახაბერ გულედანი. კახა გულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება" - თქვა ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრმა კახა გულედანის წარდგენისას. მას ამჯერად აღარ უთქვამს, სად დაინიშნება გრიგოლ ლილუაშვილი.