“ტაქტიკურად ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა “ოცნებისგან” – ლინკოლნ მიტჩელი რუსულ კანონზე

1 week ago 10

“ტაქტიკურად ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა ქართული ოცნების მხრიდან, რისთვისაც შესაძლოა პასუხისგება მოუწიოთ”, – ასე აფასებს ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი “რუსული კანონის” შემობრუნებისა და პირველი მოსმენით მიღებით ფაქტს.

ლინკოლნ მიტჩელი წარსულში “ქართული ოცნების” მრჩეველიც იყო.

ანალიტიკოსის თქმით, “ქართული ოცნება” “აშკარად მიდიოდა გამარჯვებისკენ 2024 წლის არჩევნებში”  და მათ არაფრის გაკეთება არ სჭირდებოდათ, მაგრამ შექმნეს პრობლემა, რამაც მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. 

საქართველო ამბობს, რომ მას სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი, სურს დასავლეთთან ინტეგრაცია, შემდეგ კი ეუბნება დასავლურ ორგანიზაციებს, როგორიცაა NED ან USAID, რომ აპირებს მათ მოეპყროს, როგორც უცხოურ აგენტებს, რომლებიც ხელისუფლების დამხობას ცდილობენ. ბევრი იღებს ფულს აშშ-დან, ბრიუსელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და ა.შ. სრულიად გაუგებარია, რომ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ ეს ნაბიჯი გადადგა. ისინი აშკარად მიდიოდნენ გამარჯვებისკენ ამ არჩევნებში. არაფრის გაკეთება არ სჭირდებოდათ, მაგრამ ახლა ეს პრობლემა შექმნეს, შექმნეს კრიზისი, რამაც გამოიწვია ათიათასობით ადამიანის გამოსვლა ქუჩაში და პროტესტი. ტაქტიკურად ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა ქართული ოცნების მხრიდან, რისთვისაც შესაძლოა პასუხისგება მოუწიოს” – ამბობს ლინკოლნ მიტჩელი ამერიკის ხმასთან.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავს ესხმის უცხოურ დასავლურ ორგანიზაციებს. მიტჩელის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული კანონპროექტი განსხვავდება ამერიკული Fara-სგან, რომელიც ძალიან “ვიწრო და კონკრეტულია” და რეგულირების ქვეშ მხოლოდ იმ ორგანიზაციებს აქცევს, რომლებიც ლობისტური ინტერესებით მოქმედებენ.


17 აპრილს საქართველოს პარლამენტის 83-მა დეპუტატმა, მიუხედავად მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის საფარქვეშ შემუშავებულ რუსულ კანონს. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში 2012 წლიდან დღემდე ეტაპობრივად გააქრო დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები და სამოქალაქო ორგანიზაციები.

რამდენიმე დღეა, რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მრავალათასიანი აქციები იმართება. მოქალაქეები აღნიშნულს აპროტესტებენ საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

სრულად წაკითხვა