ტელეწამყვანი ბექა ყორშია ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი

2 weeks ago 13

რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლისას დაკავებული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბექა ყორშია, სამართალდამცავებმა გამთენიისას გადაიყვანეს ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი” ავრცელებს.

მათი ცნობით, ბექა ყორშია ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ ბექა ყორშია იმ დროს დააკავეს, როცა ის სხვას ეხმარებოდა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაჰყავთ ბექა ყორშია ზაჰესის იზოლატორში. ვიდეო-კადრებში ისმის კითხვები ბექა ყორშიას მისამართით:

- კარგად ხარ? რაზეც ის პასუხობს - კი, კარგად ვარ.

- ხომ არ დაგარტყეს?

ამ კითხვაზე ბექა ყორშიას ხელს იქნევს უარყოფის ნიშნად.

ამ დროისთვის, უცნობია, მოინახულა თუ არა ბექა ყორშია ადვოკატმა.

ცხრა ღამეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

აქციების მეცხრე ღამეს საპოლიციო ძალებმა კვლავ ძველ ხერხს მიმართეს. თუკი მეშვიდე და მერვე ღამეს, რუსთაველის გამზირზე არ გამოჩენილა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა, მეცხრე ღამეს, დემონსტრანტების დასაშლელად ისევ გამოიყვანეს განსაკუთრებული დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლდმდენი აირი.

6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპულ აქციებზე, რვა დღის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულია 338 პირი.

სპეცრაზმის თანამშრომლებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს 7 დეკემბრის ღამესაც. მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ შსს-ს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

სრულად წაკითხვა