WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ტერაბანკის აქციონერსა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ AGE S.A.-ს შორის ტერაბანკის აქციების შეძენის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. AGE S.A. Arins Group-ის ფინანსური ეკოსისტემის ნაწილია, რომელშიც ასევე შედის Ardshinbank — სომხეთის უმსხვილესი ბანკი აქტივების მიხედვით.

Arins Group სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია და აერთიანებს საბანკო, სადაზღვევო და სხვა ფინანსური მომსახურებების მიმართულებებს. ჯგუფის ეკოსისტემაში შემავალ Ardshinbank-ის წილი ქვეყნის საბანკო სისტემის მთლიან აქტივებში  21%-ს შეადგენს და ძლიერი პოზიციები აქვს კორპორაციული, მცირე და საშუალო ბიზნესისა და საცალო საბანკო მომსახურებების მიმართულებით და მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის EBRD-სა და EIB Global-თან.

Ardshinbank ერთადერთი სომხური კომპანიაა, რომელსაც სამივე წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს — S&P Global-ის, Moody’s-ისა და Fitch-ის — რეიტინგი აქვს. ამასთან, ბანკის რეიტინგები სომხეთის სუვერენული რეიტინგის დონეზეა, რაც Ardshinbank-ის საერთაშორისო აღიარებას უსვამს ხაზს.

ტერაბანკში ინვესტიცია Arins Group-ის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის ნაწილია. საქართველო რეგიონული გაფართოებისთვის პრიორიტეტულ ბაზრად შეირჩა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკის, დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური სექტორის ძლიერი საზედამხედველო ჩარჩოს გათვალისწინებით.

ასეთი მასშტაბისა და გამოცდილების მქონე სტრატეგიული ინვესტორის შემოსვლა ტერაბანკის განვითარების ახალ ეტაპს ქმნის და ბანკის შემდგომი ზრდისთვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს.

„ტერაბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბანკის ახალი ინვესტორი ძლიერი და გამოცდილი ფინანსური ჯგუფია, რომელსაც მრავალწლიანი საბანკო გამოცდილება, ფინანსური რესურსი და გრძელვადიანი განვითარების ხედვა აქვს. ჩვენს ამჟამინდელ აქციონერებთან ერთად შექმნილი მყარი საფუძვლებისა და თანმიმდევრული ზრდის გათვალისწინებით, ეს საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ქართულ ბიზნესს და მომხმარებლებს თანამედროვე და მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტები და მომსახურებები შევთავაზოთ.“ — აცხადებენ ტერაბანკში.

ტრანზაქციის დასრულება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საჭირო ნებართვების გაცემის შემდეგ იგეგმება.