WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიც „პროპაგანდისტია“ კატეგორიულად მიუღებელია.

ასე უპასუხა მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას ანა წითლიძემ განაცხადა, რომ „წულუკიანის კომისიის“ სახელით ცნობილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხული 139 პირიდან 80 არის: „ქართული ოცნების“ წევრი, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი ან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანი“.

ანა წითლიძემ რამდენიმე ასეთი ადამიანიც ჩამოთვალა, მათ შორის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტად გოგა ხაინდარავა დაასახელა.

„კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ ნახმარი ტერმინოლოგია, როგორიც არის პროპაგანდისტი და აღარ გავაგრძელებ. კატეგორიულად მიუღებელია… ამ 139 ადამიანში, ალბათ, ქალბატონ ანას გამორჩა, მაგალითად, სოსო რობაქიძე, ია მეტრეველი… აი, ამ ადამიანების მიმართ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მიკერძოებულები არიან, ამ ყველაფრის უკან დგას არაერთი გამამტყუნებელი განაჩენები ეროვნული სასამართლოების და მთელ რიგ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის პასუხად ანა წითლიძემ განაცხადა, რომ მას სოსო რობაქიძესა და ია მეტრეველზე არ უსაუბრია.

„მე არ მისაუბრია აქ რობაქიძეზე და მეტრეველზე არანაირად. მე კონკრეტული გვარები ჩამოვთვალე და დავასახელე 80 ადამიანი, რომელიც 57%-ზე მეტი იმ [საგამოძიებო კომისიის] მოწმეების. ანუ ნახევარზე მეტი არიან სუბიექტური განწყობების მქონე ადამიანები“, – განაცხადა ანა წითლიძემ.


21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].