უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს ბერლინში „მოსურნეთა კოალიციის“ სამიტზე ჩავიდა.
კიევის იქ შეკრებილმა მოკავშირეებმა მტკიცე მხარდაჭერა უნდა გამოხატონ მის მიმართ და ევროპის როლის გაზრდისკენ მოწოდება გამოთქვან.
შეხვედრა - რომელსაც გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერები ერთობლივად მასპინძლობენ — ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის გამართული უპრეცედენტო სამმხრივი მოლაპარაკებებიდან მალევე ტარდება.
ბერლინის სამიტის მიზანია ევროპის როლის გაძლიერება კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართულ ნებისმიერ ძალისხმევაში - პროცესში, რომელშიც აქამდე ვაშინგტონი, მოსკოვი და კიევი დომინირებდნენ.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველვყოთ, რომ მოლაპარაკებების პროცესში ევროპის ყოფნა სრულად იყოს წარმოდგენილი“.
მოსალოდნელია, რომ ნებისმიერ პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული E5-ის ძირითადი ჯგუფი, რომელიც შედგება ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთისგან, ასევე ევროკავშირის ოფიციალური პირებისგან.
სამიტზე ასევე ჩავიდნენ აშშ-ის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი. მოსალოდნელია, რომ სამიტი 25-ზე მეტ ევროპელ ლიდერს, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებს შეკრებს.
მოსალოდნელი იყო, რომ აშშ-ის წარმომადგენლებს მოუწევდათ პასუხის გაცემა კითხვებზე ჩინეთში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, სადაც სამი პრეზიდენტი შეთანხმდა მოკლე „სამშვიდობო დეკლარაციაზე“, რომელიც „სტრატეგიულ სტაბილურობას“ შეეხებოდა, თუმცა უკრაინის ომს საერთოდ არ ახსენებდა.
კრემლმა გაავრცელა „მშვიდობის შესახებ" ლიდერების დეკლარაციის რუსული ტექსტი, ხოლო ჩინეთის სახელმწიფო სააგენტომ Xinhua - ინგლისური. ვაშინგტონს დეკლარაციის ტექსტი ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა არ უარუყვია ჩინეთის და რუსეთის მიერ გავრცელებული დეკლარაციის შინაარსი.
პუტინმა, რომელიც მოგვიანებით ჩინეთში გამოვიდა სიტყვით, განაცხადა, რომ რუსეთმა დიპლომატიური არხებით ევროპელი ოფიციალური პირები მოსკოვში მიიწვია იმის განსახილველად, უნდა მიიღონ თუ არა მათ მონაწილეობა უკრაინის ომის დასრულების შესახებ აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებებში.
ჩვენ გვესმის, რომ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ევროპელების გარეშე უაზროა, – განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე.
თუმცა, მან ასევე თქვა, რომ მოსკოვი ვერ დათანხმდება უკრაინასა და ევროპას შორის რაიმე სახის სამხედრო კავშირებს, როგორც ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ნაწილს.
კუშნერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის და უიტკოფი იმედოვნებდნენ, „კიდევ უფრო განამტკიცებდნენ ჩვენს მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასა და ევროპასთან, იმუშავებდნენ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაზე მდგრადი მშვიდობის საკვანძო ელემენტებთან დაკავშირებით და ერთობლივად მოამზადებდნენ დღის წესრიგსა და შემოთავაზებულ ფორმატს მრავალმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის“.
მან დასძინა, რომ მოლაპარაკებებზე ასევე განიხილებოდა, თუ როგორ „შეუძლია კოალიციას წვლილი შეიტანოს ომისშემდგომი უსაფრთხოების მექანიზმებში, მათ შორის უკრაინისთვის სანდო გარანტიების მიცემაში და უფრო ფართო ჩარჩოში, რომელიც აძლიერებს ევროპის სტაბილურობას და ამცირებს მომავალი კონფლიქტის საფრთხე“.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა აშშ-ის მხარდაჭერა შეამცირა, გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უმსხვილეს მიმწოდებლად იქცა და ასევე სწრაფად აღადგენს საკუთარ შეიარაღებულ ძალებს მტრულად განწყობილი რუსეთის შესაკავებლად.
მერცი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ევროკავშირის ყველა, 27-ვე წევრი სახელმწიფო დაეხმაროს უკრაინის დაფინანსებაში, რადგან მომავალ წელს ქვეყანა 70 მილიარდი ევროს (77 მილიარდი დოლარის) ოდენობის დაფინანსების დეფიციტის წინაშე დგას.
ევროკავშირმა ოთხშაბათს წევრ ქვეყნებს შესთავაზა, უკრაინას დამატებით 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოუყონ ფინანსური დეფიციტის შესავსებად.
რუსეთი ცდილობდა უკრაინის ომის დასრულება დაეკავშირებინა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის სრულ გადახედვასთან, რაც ნატოს მისი საზღვრებიდან უფრო შორს გადაწევდა.
მერცმა, გასულ კვირას სიტყვით გამოსვლისას, უარყო ეს იდეა: – რუსეთს სურს ისაუბროს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებზე. ჩვენ არ გვჭირდება ამის განხილვა, ის უკვე არსებობს.
გერმანიის სამიტი იმართება მაშინ, როდესაც ომი მეხუთე მძიმე ზამთარში შედის, რუსული დარტყმები კი ანადგურებს უკრაინის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას.
უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება გადამტაცი რაკეტები, განსაკუთრებით აშშ-ში წარმოებული Patriot-ის რაკეტები, იმ დროს, როდესაც ახლო აღმოსავლეთის ომმა გლობალური დეფიციტი ამ მხრივაც გააღრმავა.
ამასობაში უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთის ნავთობობიექტებზე და ხუთშაბათს კვლავ დაესხა თავს ხიდს, რომელიც მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს - ერთი კვირის განმავლობაში ეს საკვანძო სატრანსპორტო არტერია უკვე მესამედ გახდა სამიზნე.
პუტინმა, რომელიც სამმხრივი სამიტის შემდეგ ჩინეთში გამოვიდა სიტყვით, პირობა დადო, რომ მოსკოვი ამ თავდასხმებს უპასუხებს. ჩვენი პასუხი ბევრად უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე კიევის თავდასხმა ხიდზე, - თქვა მან.
radiotavisupleba ახალი ამბები