ქალებს დიდი წვლილი აქვთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში. თუმცა უამრავი წარმატებისა, მათ აღიარების მოსაპოვებლად, უამრავი დაბრკოლების და სტერეოტიპების გადალახვა უწევთ. მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში 11 თებერვალი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღეა, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, გაგაცნობთ ქალებს, რომლებმაც განსხვავებული კარიერული გზა გამოიარეს და თავიანთი შრომით დაამტკიცეს, რომ ტექნოლოგიებში ადგილი ყველას აქვს.
მარია ღლონტი
მარია ღლონტი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში შემთხვევით აღმოჩნდა. ტექნოლოგიებზე თეორიული ცოდნის დაგროვების შემდეგ, გამოწვევებს არ შეუშინდა და ახალ სფეროში კარიერის შენებას დიდი აზარტით შეუდგა. ახლა წამყვან ორგანიზაციებს საერთაშორისო გუნდების სამუშაო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში ეხმარება, ამასთანავე, ტრენერი, ლექტორი და Agile Mentor-ის დამფუძნებელია. თუმცა აქამდე მისასვლელად ბევრი გამოწვევა შეხვდა, რაზეც ვრცლად თავად გვესაუბრება.
პირველი ნაბიჯები…
ერთ -ერთ წამყვან ბანკში მომიწია ელექტრონული კომერციისა და საბარათე გადახდების ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა. ჰოდა, როგორც ადამიანმა, ვისი წარმოდგენაც ტექნოლოგიებზე საბაკალავრო პროგრამის თეორიულ გამოცდილებას არ სცდებოდა, დავიწყე ტექ-გუნდებთან მუშაობა.
დეველოპერები, ტესტერები, პროცესინგის გუნდი — ყველა ერთად ვეძებდით ხოლმე “იმ ერთი კოდის ხაზს”, რომელიც პრობლემას აგვარებდა. ზოგჯერ დეტექტივებივით ვიძიებდით: მე კოდის „ეჭვმიტანილს“ ვპოულობდი, ტესტერი „მოწმედ“ გვყავდა, დეველოპერი კი პროკურორივით ამტკიცებდა, რომ კოდი უდანაშაულოა. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა მიმიყვანა Product Owner-ის როლამდე, სადაც აღმოვაჩინე, რომ შედეგის მიღწევა მაგიური ფორმულასავითაა: იდეების შერკინება + გვერდიგვერდ ჯდომა + ეკრანის ერთდროულად ჩაშტერება = მუშაობს!
წინასწარ არასდროს იცი, რა გამოვა. ეს პროცესი იმდენად აზარტული და ხალისიანია, რომ ვეღარ გაჩერდები. რაც მთავარია, მთავარი გამოწვევაც ესაა — სხვადასხვა პერსპექტივას შორის ბალანსის პოვნა და კომპრომისებზე წასვლა ისე, რომ ყველამ საკუთარი თავი გამარჯვებულად იგრძნოს.
გარდამტეხი მომენტი
ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევა 8 წლის წინ დაიწყო, როდესაც IT პროექტების მენეჯერობიდან Agile Coach-ისა და Scrum Master-ის როლში გადავინაცვლე. ვიფიქრე, რა უნდა იყოს რთული? ტექნიკებს ვისწავლი, ახალ ტერმინებს მოვიხმარ და ჩვეულ რიტმს გავაგრძელებ-მეთქი. მაგრამ არა! ეს იყო ტვინის გადაპროგრამება და რაღაცნაირი პირადი ტრანსფორმაციის სტარტი. წარმოიდგინეთ, უნდა დამეჯერებინა, რომ ყველა გადაწყვეტილებას თავად აღარ მივიღებდი და პროცესი „თვითონ“ მოგვიტანდა სწორ გამოსავალს! მივხვდი, რომ ჩემი როლი კონტროლიდან მხარდაჭერაზე, ფასილიტაციაზე, ქოუჩინგზე და ხალხის შთაგონებაზე უნდა გადასულიყო. ამ ყველაფერმა ახალი კარი გამიხსნა: ვიპოვე ჩემი საქმე, რომელიც მიყვარს! მრავალფეროვნებამ მასწავლა ერთი რამ — ცვლილება ან შეგიყვარდება, ან გაგაგიჟებს. მე კი სიყვარულის მხარეს დავრჩი. მეტი თავგადასავალი, მეტი სასაცილო მომენტი და მეტი მრავალფეროვნება!
რჩევა ტექ. ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს…
ჩემი გამოცდილებით, როგორც კომპლექსურ ტექ-პროექტებში, წარმატებისთვის სამი რამ არის მნიშვნელოვანი:
- დაძლიო შიში იმისა, რომ რამე გამოგრჩება. ყველაფრის გაკეთება ერთდროულად შეუძლებელია. აირჩიე ის, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია.
- ისწავლო პატარა ნაბიჯებით წინსვლის ნატიფი ხელოვნება. დიდი ცვლილებები პატარა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით ხდება.
- და ბოლოს — არ შეგეშინდეს შეცდომების! ყველა შეცდომა ახალი გაკვეთილია და ნუ შეგაშინებს აზარტი, რომელიც ცვლილებას მოაქვს.
როცა ჩემს თინეიჯერ შვილებს ვუყურებ მათთან ერთად ვხვდები, რომ ცვლილება ახალი თავგადასავალია — ცოტა ქაოსური, ხშირად მოულოდნელი, მაგრამ ყოველთვის ახალი შესაძლებლობების მომტანი!
ხშირად მეკითხებიან: “რატომ არ გასვენებს გამჩენი?” – “ალბათ, სულ გურულობის ბრალია,” – ვპასუხობ მე.
თამთა კირთაძე
თამთა კირთაძეს მეცნიერებისა და ტექნიკური საგნებისადმი ინტერესი, ჯერ კიდევ ბავშვობაში ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან სამედიცინო სფეროზე ფიქრობდა, მოულოდნელად გადაწყვეტილება შეცვალა და თავისუფალ უნივერსიტეტში – ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად, მეორე პროფესიად პროგრამირება აირჩია. მას უკავშირდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების პროექტის განხორციელება, მშრალი შამპუნის სტარტაპის წამოწყება, Tbilisi Salesforce Community Group-ის დაფუძნება და ევროპასა და ამერიკაში საინტერესო ტექ პროექტზე მუშაობა. თამთა საკუთარ კარიერეულ გზაზე თავად გვესაუბრება…
პირველი ნაბიჯები…
22 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა პროგრამირების მიმართულებით დავიწყე. პირველი მნიშვნელოვანი საქმე ქვეყნისთვის სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების პროექტის განხორციელება იყო. მასში უამრავი შრომა და დრო ჩავდე, რამაც არა მარტო პროფესიულად გამზარდა, არამედ უფრო პასუხისმგებლიანი და მებრძოლი გამხადა. ახლახან დავასრულე „Unlimited Robotics“-ში მუშაობა, სადაც რობოტის უსაფრთხოებისა და Gateway Service-ის ფუნქციონალზე ვზრუნავდი. ჩემი მთავარი ამოცანა სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო – იმის კონტროლი, რომ მხოლოდ ჩემი სერვისი უკავშირდებოდა რობოტს და არავითარ სხვა არხს, ასევე ჩემს მოვალეობაში შედიოდა რობოტების ერთმანეთთან და მომხმრებელთან კომუნიკაციაც. ახლა ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის ბექ-ენდ განყოფილების ლიდი ვარ. ეს არის პლატფორმა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ცნობილ ადამიანებთან თანამშრომლობის გზით, ხმა მსოფლიოს მიაწვდინონ და თავისი სათქმელი სამყაროს გააგებინონ.
ასევე ვარ – Tbilisi Salesforce Community Group-ის თანადამფუძნებელი. ჩვენი მიზანია Salesforce-ის ცნობიერების საქართველოში ამაღლება,სიახლეების განხილვა და გამოცდილების გაზიარება. ვატარებთ შეხვედრებს და ვქმნით სივრცეს, სადაც სეილსფროსის ტექნოლოგიის მოყვარულები ერთად იზრდებიან.
გარდამტეხი მომენტი
ყოველთვის ვცდილობ, აღმოვაჩინო რაღაც ახალი, არა მარტო ჩემს პროფესიაში ,არამედ მის გარეთაც. მაგალითად, ჩემი თავის უკეთესად გასაცნობად, ბევრი წლის წინ წამოვედი სამსახურიდან და ერთ-ერთი სტუდენტური პროგრამით წავედი პოლონეთში საცხოვრებლად. იქ ვიყავი ინგლისურის მასწავლებელი და ყოველ კვირაში მიწევდა სხვადასხვა სკოლასა და ქალაქში ჩასვლა, ახალი ადამიანების გაცნობა, ბავშვებთან საუბარი. ამ გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია ადგე და შეცვალო შენი ცხოვრება, გახადო კიდე უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ის.
რჩევა…
ძალიან ადვილია წარმატებასა და აღმასვლაზე საუბარი, მაგრამ იმის უკან ბევრი გათენებული ღამე, სტრესი და წინააღმდგებობებთან ბრძოლის სხვადასხვა სტრატეგიაა.
ნებისმიერ დროს, როცა ფიქრობ რომ ჩიხში ხარ და აქედან არსად წასასვლელი არაა, მაგ დროს ვამბობ: დააცადე და ცხოვრება თვითონ გაჩვენებს საიდან უნდა დაიწყო “ჩიხიდან” გზის გაყვანა.
ახლა, როცა უკან ვიყურები, ვხედავ, რომ ყველა სირთულე, ყველა დიდი პროექტი, ყველა პატარა გამარჯვება ჩემს დიდ ისტორიას ქმნის. ეს არის გზა, რომელიც არ მთავრდება – ეს არის გზა, რომელსაც ყოველთვის ახალი მიზნებისკენ მიჰყავხარ.
სალომე თოხაძე
სალომე თოხაძეს 10 წლიანი გამოცდილება აქვს მომხმარებელთა ურთიერთობის მართვისა და IT ოპერაციების მიმართულებით. სალომე ამჟამად, როგორც SKYHI-ის (IT მომსახურებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკონსულტაციო კომპანია ) მმართველი პარტნიორი და CRM დირექტორი, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე, სერვისის ავტომატიზაციასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაზეა კონცენტრირებული. მისი სტრატეგიული ხედვა, მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ბიზნესებს ეხმარება ეფექტურობის და კლიენტების კმაყოფილების ზრდაში. მას გერმანული ფილოლოგიის მიმართულებით აქვს განათლება მიღებული, თუმცა გამოცდილების არ ქონა მისთვის მოტივაცია აღმოჩნდა, რაზეც თავად გვესაუბრება.
პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიებში…
2013 წელს, როცა გერმანიიდან საქართველოში დავბრუნდი, ტექნოლოგიური ინდუსტრიის დინამიურობამ და შესაძლებლობებმა ჩემში ინტერესი გააღვიძა. როდესაც SKY HI-ში მუშაობის შანსი გაჩნდა, არ დავუშვი, რომ გამოცდილების არქონას ჩემთვის ბარიერი შეექმნა. პირველი ნაბიჯები მომსახურების სფეროში გადავდგი, თუმცა მალე მივხვდი, რამდენად საინტერესო იყო ტექნოლოგიების გავლენა ბიზნესის განვითარებაზე. დღეს, 12-წლიანი გამოცდილებით, უკვე თავად ვეხმარები სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებს ტექნოლოგიური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში.
გამოწვევა…
ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება – ეს არის ამ სფეროს ყველაზე დიდი ხიბლიც და გამოწვევაც. ჩემთვის მთავარი ამოცანაა, ტექნოლოგიები ბიზნესისთვის რეალურ, პრაქტიკულ სარგებლად ვაქციო. გავამარტივო პროცესები და მოვხსნა ბარიერები ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის. ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როცა ის ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგებია – ეს არის გამოწვევა, რომელიც მუდმივად მმატებს მოტივაციას.
რჩევა კარიერის დასაწყისში მყოფ ქალებს…
პირველ რიგში, დაისახეთ მკაფიო მიზნები – განსაზღვრეთ, რა გსურთ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი და შექმენით გზამკვლევი ამ მიზნების მისაღწევად. თითოეულის კარიერა განსხვავებულია: ზოგი ლიდერობისკენ მიისწრაფვის, ზოგისთვის კი პროფესიული განვითარება სხვა გზითაა შესაძლებელი. ამიტომ,დაუთმეთ დრო იმაზე ფიქრს, რა გინდათ სინამდვილეში.
და რაც მთავარია – გჯეროდეთ საკუთარი თავის. ხშირად, წარმატებას და წარუმატებლობას მხოლოდ თვითრწმენა განაპირობებს. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს და ნუ შეგეშინდებათ გამოწვევების – მათ უკან ყოველთვის შესაძლებლობები იმალება.
სალომე მახარაძე
სალომე მახარაძე, ტექნოლოგიური კომპანია “სინტაქსის” აღმასრულებელი დირექტორია. სალომემ კარიერა ტექნოლოგიების სფეროში ეტაპობრივად, წარმატებით განავითარა. მას აქვს გამოცდილებას მოლაპარაკებების წარმოებაში, გაყიდვების სტრატეგიულ მართვასა და გუნდების ხელმძღვანელობაში. სალომე საგანმანათლებლო მიმართულების – სინტაქს აკადემიის ეგიდით, აქტიურად მუშაობს პროფესიული განათლების განვითარებაზე, ტექნოლოგიებში ახალგაზრდა პროფესიონალების მხარდაჭერაზე და ამ სფეროში ქალთა გაძლიერებაზე. მისი ხედვა ეფუძნება ინოვაციებს, თანამშრომლობის კულტურასა და გრძელვადიანი წარმატების შექმნას.
პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიების სფეროში…
ტექნოლოგიების სფეროში შემთხვევით აღმოვჩნდი. სინტაქსში მუშაობა დავიწყე ოფის მენეჯერად. ამ დროს არანაირი ტექნოლოგიური გამოცდილება და ცოდნა არ მქონია. ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან მოვხვდი გარემოში, სადაც მნიშვნელოვანი იყო პოტენციალი და სურვილი საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის. როდესაც დაინახეს, რომ მქონდა სფეროს მიმართ უდიდესი ინტერესი და სწავლის სურვილი, ჩემს ყოველდღიურ საქმიანობასთან შეთავსებით, ნელ-ნელა მომცეს ტექნოლოგიური პროდუქტები შესასწავლად და საკმაოდ მალე, თითქმის სამი თვის თავზე, უკვე გავედი მაიკროსოფტის ოფიციალურ გამოცდაზე. გავხდი მაიკროსოფტის პროდუქტების ლიცენზირების სპეციალისტი. ამ მიღწევამ, კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში. დიდი ენთუზიაზმით დავიწყე რთული, კომპლექსური, ტექნიკური პროდუქტების შესწავლა. ასე მოვხვდი გაყიდვებში. აქედან იწყება უკვე თავდაჯერება და პროფესიისადმი სიყვარული, რამაც გადამაწყვეტინა, რომ ჩემი ადგილი ნამდვილად ტექნოლოგიებშია.
გამოწვევა…
მიჭირს კონკრეტული გამოწვევის დასახელება. გამოწვევაა ის ტექნიკური ენა, რომელიც თვიდან საერთოდ არ გესმის. არასდროს ხარ კომფორტის ზონაში, სისტემატურად გიწევს ახალი უნარის გამომუშავება. IT სფეროში ცხოვრება ჩქეფს და შენც მისი ნაწილი უნდა გახდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიაღწევ წარმატებას.
თავიდან გამოწვევა იყო ის, რომ სრულიად ახალბედას ჩამაბარეს პროდუქტები, მენდვნენ და მომცეს შესაძლებლობა პროფესიონალური განვითარების. ეს იყო პასუხისმგებლობა,რადგან არ გამეცრუებინა,პირველ რიგში, საკუთარი თავის, შემდეგ კი კომპანიის იმედი.
რჩევა
ადამიანს, რომელიც ამ სფეროში მოდის, აუცილებლად უნდა სჯეროდეს საკუთარი თავისა და შესაძლებლობის. მთავარია საქმის სიყვარული და დისციპლინა. ყოველი დღე სიახლეა. ჩემი ათწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, დღესაც ბევრ რამეს ვსწავლობ. მთავარია საკუთარი თავის რწმენა და არ გეშინოდეს სიახლეების.
ქეთი გუგუშვილი
ქეთევან გუგუშვილის კარიერული გზა მრავალფეროვანია. ქეთი განათლებით იურისტია, თუმცა მას ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით 12 წლიანი გამოცდილება აქვს. იურისტობის შემდეგ მან HR პროფესიაში მოსინჯა თავი, ახლა კი ტექ. ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაცია Devexperts Georgia – ში HR Businnes Partner-ის პოზიციაზეა. მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, როგორც თავად ამბობს, HR-ის როლიდან ტექ. რეკრუტმენტში გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გამოცდილება გახდა მისთვის. თუ რატომ, ამას უფრო ვრცლად ინტერვიუში მოგვიყვება…
პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში…
ჩემი პირველი გადაკვეთა ტექნოლოგიებთან ტექ. რეკრუტერის როლში მოხდა. ყოველთვის მიზიდავდა IT ინდუსტრია და მინდოდა ვყოფილიყავი ამ რთული, დინამიკური და უსწრაფესი ტემპით განვითარებადი ინდუსტრიის ნაწილი, მაგრამ, ამავდროულად, ვერ წარმომედგინა ჩემი თავი დეველოპერად, რომელიც დღის უდიდეს ნაწილს ლეპტოპთან ატარებს და არა ადამიანებთან ურთიერთობაში. ამიტომ, ტექ. რეკრუტმენტი აღმოჩნდა ის იდეალური გადაწყვეტილება, რომელმაც დამაკავშირა ტექნოლოგიებს და ამავდროულად მომცა საშუალება მეკეთებინა, რაც ასე ძალიან მიყვარს – ადამიანებთან ურთიერთობა და შესაძლებლობა ვიყო მათთვის სასარგებლო. ტექნოლოგიების სფეროში განსაკუთრებით მომწონს მოქნილობა, შესაძლებლობებისა და განვითარების ფართო სპექტრი და ის გამოწვევები, რომლებიც გაიძულებენ მუდმივად იყო კომფორტის ზონის მიღმა.
ქეთის კითხვა იმ შესაძლებლობების შესახებაც დავუსვით, რომელსაც საერთაშორისო კომპანიები ქართველ ტალანტებს სთავაზობს:
საერთაშორისო ბაზარზე, ქართველი ტექ. ტალანტებისთვის შესაძლებლობათა უდიდესი სპექტრია, ბევრი კარგი ვაკანსიით, სადაცა დამსაქმებელი არ გამოდის ტრადიციულად დომინანტი მხარის როლში, არამედ შერჩევის მთელი ციკლი Win-Win სტრატეგიაზე ორიენტირებული პროცესია.
საერთაშორისო კომპანიებში, როგორც წესი, ძალიან კარგად განვითარებული კორპორატიული კულტურაა, მკაფიო აღქმა იმისა, რომ დასაქმებულისგან არ უნდა ჰქონდეთ 24/7-ზე მუშაობის მოლოდინი, აქვთ დასაქმებულის პირადი საზღვრების პატივისცემა და რიგ შემთხვევებში თანამშრომელთა სოციალური ცხოვრების ისეთი ბენეფიტებით ხელშეწყობა, როგორიცაა: მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან მუშაობის შესაძლებლობა, მოქნილი გრაფიკი, მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევა და მასზე ზრუნვა, ე.წ. სობათიქალ შვებულება (როდესაც დასაქმებულს შეუძლია საშუალოდ, ორი თვიდან ორ წლამდე შვებულებით ისარგებლოს, პირადი მიზნებისთვის) და წახალისების სხვა უამრავი სტანდარტული თუ არასტანდარტული ფორმები.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო კომპანიებში დამსაქმებლის მოლოდინებიც დიდია. აქ თქვენი თქვენი კონკურენტები უკვე მხოლოდ ქართველი კანდიდატები კი არა, მთელი მსოფლიოს აპლიკანტები არიან, ამიტომ იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი იყოთ საერთაშორისო მასშტაბით, ცხადია გჭირდებათ ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე. გარდა ამისა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება, ამიტომ თუ გინდათ რომ არ ჩამორჩეთ თრენდებს, უნდა იყოთ მუდმივი განვითარებისა და განგრძობადი სწავლის რეჟიმში.
რჩევა ტექნოლოგიური ინდუსტრიით დაინტერესებულ ქალებს…
ქალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტექით, ვურჩევ შეისწავლონ/გამოიკვლიონ ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულება. იპოვონ ის, რაც მათ ნამდვილად აინტერესებთ. იქნება ეს კოდინგი, ტესტირება, პროექტ მენეჯმენტი, კიბერუსაფრთხოება, UX/UI დიზაინი თუ მონაცემთა მეცნიერება. ბევრ ადამიანს აქვს მცდარი წარმოდგენა, რომ ტექნოლოგიები მხოლოდ ციფრებისა და კოდის ცოდნაა, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ძალიან შემოქმედებითი სფერო, სადაც მუდმივად ხდება ინოვაციების შემოტანა. მთავარია იფიქროთ, როგორც იტყვიან – outside the box და დაინახოთ ტექი, როგორც თქვენი შემოქმედებითობის გამოხატვის საშუალება.
იყავით თავდაჯერებულნი, არასდროს დაგავიწყდეთ, რომ თქვენ გაქვთ ისეთივე უფლებები, ისეთივე ცოდნა და ისეთივე კვალიფიკაცია, როგორც მამაკაცებს. ამასთანავე, მოთმინების კიდევ უფრო დიდი უნარი. ამიტომ დაისახეთ მიზანი და იარეთ წინ, შემართებითა და შეუჩერებლად, სანამ არ მიაღწევთ სასურველ მიზანს. თავისუფლად შეგიძლიათ მომწეროთ ლინქდინსა თუ სხვა სოციალურ ქსელში. ყოველთვის სიამოვნებით ვიქნები თქვენი დამხმარე და მრჩეველი ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე.
ეს ქალები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ნებისმიერს, ვისაც სურვილი და მონდომება აქვს, წარმატებას მიაღწიოს ტექნოლოგიებში. მათი ისტორიები მოტივაციაა მომავალი თაობისთვის და გვაჩვენებს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ყველაფერი შესაძლებელია.