ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ინტერვიუში განაცხადა, რომ საპარლამენტო პოლიტიკურ წყობას პოსტსაბჭოთა სამყაროში თავისი საუკეთესო სახე არ გამოუვლენია და ასეთ ნაკლოვან მაგალითად საქართველო დაასახელა.
3 იანვარს, სახელმწიფო გაზეთ „ანა ტილიში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში კორესპონდენტი პრეზიდენტ ტოყაევს ეკითხება, რამდენად მართალია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „მზადდება ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ყაზახეთის მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას“, რაზეც პრეზიდენტი პასუხობს:
„დამეთანხმებით, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საპარლამენტო სისტემამ ჯერ კიდევ ვერ აჩვენა თავისი საუკეთესო მხარეები. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადად აძლიერებს ამ დასკვნის მართებულობას“.
„საპარლამენტო სისტემას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება. მას ღრმა ფესვები აქვს გადგმული არაერთ ევროპულ და აზიურ ქვეყანაში. მაგრამ, ზოგადად, არ არსებობს ძალაუფლების უნივერსალური ფორმულა. პოლიტიკური სისტემის არჩევისას, ქვეყნები გამოდიან ისტორიული კონტექსტიდან, ეროვნული მენტალიტეტიდან და პოლიტიკური პრაქტიკიდან. ჩემი თანამშრომლები ყურადღებით სწავლობენ მსოფლიო პრაქტიკას“, - განაცხადა მან.
მან გამოთქვა მოსაზრება, რომ საპრეზიდენტო სისტემა ახლაც და მომავალშიც ოპტიმალურია ყაზახეთისათვის.