ტრამპი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში FIFA-ს ხელმძღვანელი მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს აშშ-ის ქალაქებიდან გადაიტანს

2 days ago 2

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით, მხარს დაუჭერს ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების აშშ-ის ქალაქებიდან სხვაგან გადატანას.

სექტემბერში დემოკრატების მმართველობის ქვეშ მყოფი ქალაქების წინააღმდეგ თავისი კამპანიის ფონზე, ტრამპმა თამაშების გადატანის შესაძლებლობის საკითხი წამოჭრა, თუმცა მაშინ FIFA-მ განაცხადა, რომ თამაშების ჩატარების ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას ფეხბურთის მმართველი ორგანო იღებს.


„თუ ვინმე ცუდად მუშაობს და თუ მე ვგრძნობ, რომ იქ სახიფათო ვითარებაა, დავურეკავდი FIFA-ს ხელმძღვანელს, ჯანის, ფენომენალურ კაცს, და ვეტყოდი, რომ სხვა ადგილას გადავიტანოთ. და ის ამას გააკეთებს“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა თამაშების ბოსტონიდან, ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქიდან, გადატანა.

„ის ამას ძალიან ადვილად გააკეთებდა“, - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ეს განაცხადა მას შემდეგ, რაც თავის ახლო მეგობარ ინფანტინოს შეხვდა ეგვიპტეში, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამიტზე, რომელზეც FIFA-ს ხელმძღვანელი ორ ათეულზე მეტ მსოფლიო ლიდერთან ერთად მიიწვიეს.

აშშ-ის პრეზიდენტი გამოვიდა ასევე წინადადებით, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ლოს-ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშებიც გადაიტანონ.

„იგივე შემიძლია ვთქვა ოლიმპიადაზე, - თქვა ტრამპმა. - თუ ჩავთვალე, რომ ლოს-ანჯელესი სათანადოდ არ იქნებოდა მომზადებული, თამაშებს სხვაგან გადავიტანდი“.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ტრამპის ადმინისტრაციამ, ადგილობრივი და სახელმწიფო ხელმძღვანელობის წინააღმდეგობის მიუხედავად, წელს ეროვნული გვარდიის ჯარები განალაგა აშშ-ის ქალაქებში, რომლებსაც დემოკრატები მართავენ და განაცხადა, რომ ისინი საჭიროა დანაშაულისა და მემარცხენე აქტივიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ბოსტონი მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდ თამაშს უმასპინძლებს. სან-ფრანცისკოსა და სიეტლში ექვსი მატჩი გაიმართება, ხოლო ლოს-ანჯელესში - რვა.

აშშ მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატს მექსიკასთან და კანადასთან ერთად მასპინძლობს, მაგრამ ტურნირის თამაშების უმეტესობა ამერიკის ქალაქებში გაიმართება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ტრამპმა წელს თავი დაინიშნა თეთრი სახლის იმ სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეიქმნა.

სრულად წაკითხვა