დღეს, 18 მარტს გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი.
საუბრის წინ, 17 მარტს ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პუტინთან ილაპარაკებს უკრაინაში ომის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, „საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია“, მაგრამ ბევრიც რჩება.
დონალდ ტრამპის განცხადებით, იღუპებიან ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი და სხვები, ყოველკვირეულად ორივე მხარე კარგავს 2500 ჯარისკაცს და ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტრამპი წერს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარს მოუთმენლად ელოდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს 16 მარტს აცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან სამშაბათს, 18 მარტს გეგმავს სატელეფონო საუბარს, მათ შორის ტერიტორიებსა და ელექტროსადგურებზე.
11 მარტს, საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.
ამ მოლაპარაკებიდან გასული ერთი კვირის განმავლობაში რუსეთს ცალსახა თანხმობა არ დაუდასტურებია.
გასულ კვირაში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი სატელეფონო საუბარი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
- რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
- პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
- 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
- პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
- უკრაინა აცხადებს, რომ თავის ტერიტორიებზე უარს არ იტყვის და მოითხოვს უსაფრთხოების მყარ, საერთაშორისო გარანტიებს.