უკრაინის წინააღმდეგ უწყვეტი იერიშები აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ აინტერესებს მშვიდობა, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ამერიკის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება დიდ ბრიტანეთში.
„უკანასკნელ დღეებში პუტინმა გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი სახე, მან მოაწყო ყველაზე მასშტაბური იერიში შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, კიდევ უფრო მეტი სისხლისღვრით, კიდევ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით და ნატოს საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევებით. ეს არ არის მოქმედება ადამიანისა, რომელსაც მშვიდობა სურს,“ თქვა სტარმერმა. პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, მან ასევე ისაუბრა ტრამპთან, როგორ „გაძლიერდეს პუტინზე ზეწოლა, რათა აიძულონ ის, დადოს სამშვიდობო შეთანხმება“.
პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ შეძლო „მოეგვარებინა“ შვიდი ომი, რომლებიც „მოგვარება შეუძლებელი“ იყო და მათზე „შეუძლებელი იყო მოლაპარაკებები“.
ვინაიდან ივნისში ნატომ ვალდებულება იკისრა თავდაცვაზე საერთო შიდა პროდუქტის 5% ხარჯოს, ტრამპმა განაცხადა, რომ მიაჩნდა, რომ უკრაინაში ომის დასრულება ყველაზე უფრო იოლი იქნებოდა. ის ამას ხსნიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან თავისი ურთიერთობებით.
„მაგრამ მან მიღალატა. მან მართლა მიღალატა,“ გაიმეორა ტრამპმა. მან ასევე უკმაყოფილება გამოხატა იმით, რომ ზოგიერთი ქვეყანა კვლავაც ყიდულობს რუსეთის ნავთობს და ამგვარად, ფაქტობრივად, აფინანსებს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
ოთხშაბათ-ხუთშაბათის ღამე ტრამპმა გაატარა უინძორის სამეფო სასახლეში, სადაც ოთხშაბათს გაიმართა საზეიმო მიღება მის პატივსაცემად, რომელშიც დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III მონაწილეობდა. ბანკეტზე მეფემ თქვა, რომ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ერთიანნი არიან „ტირანიის“ წინააღმდეგ ბრძოლასა და უკრაინის მხარდაჭერაში. ეს სიტყვები აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მონარქს.
ხუთშაბათს ტრამპმა და სტარმერმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობაზე - „გარიგებას ტექნოლოგიური განვითარების შესახებ“. დოკუმენტის თანახმად, მხარეები, სხვა საკითხებთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის სფეროშიც ითანამშრომლებენ. კერძოდ, კორპორაცია Microsoft-მა დიდი ბრიტანეთის IT სექტორის განვითარებაში 22 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადების პირობა დადო. ხელმოწერის ცერემონიაზე პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განცხადებები გააკეთეს ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი და სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ.
კომენტატორები აღნიშნავენ, რომ სტარმერი, მათი უთანხმოების მიუხედავად, ცდილობს ტრამპის ვიზიტი გამოიყენოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. ამის ფონია აშშ-ის მიერ სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე მრავალი ტარიფის დაწესება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ასევე იმედოვნებს, რომ ტრამპზე გავლენას მოახდენს, რათა გამკაცრდეს მისი პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით.