დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს მიმართა და მოუწოდა შეწყვიტოს უკრაინის დაბომბვა მას შემდეგ, 10 ადამიანი დაიღუპა რუსეთის საოკუპაციო ძალების მასირებული შეტევის შედეგად.
"არ ვარ კმაყოფილი რუსეთის დარტყმებით კიევზე", - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში. "არასაჭიროა და ძალიან ცუდი დროა. ვლადიმირ, გაჩერდი!"
"კვირაში 5000 ჯარისკაცი იღუპება. მოდი, დავასრულოთ სამშვიდობო შეთანხმება“ - დაწერა ტრამპმა.
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით ოთხშაბათს დილით დაბომბა.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი თავდასხმა კიევზე ომის დაწყების შემდეგ. დაშავებულია 77 ადამიანი.
მასირებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის კიდევ ათამდე რეგიონში.
დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, საწარმოები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
შეტევის მსხვერპლთა პატივსაცემად კიევის მერმა 25 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა.