ტრამპის განცხადებით, განიხილავენ რუსეთის პირობებს შავ ზღვაში ცეცხლის შესაწყვეტად

1 month ago 29

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიხილავს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ რუსეთის პირობებს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 მარტს, თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაახლოებით 5-6 პირობაა და ყველას განიხილავენ.

საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული აშშ-უკრაინის და აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთაზე.

თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ძალის გამოუყენებლობის პუნქტი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც გაუქმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილი.

მოსკოვი მოითხოვს სანქციების მოხსნას „როსსელხოზბანკისა“ და სურსათის და სასუქების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის. ასევე, უცხოეთის პორტებში მომსახურების შეზღუდვის გაუქმებას რუსეთის დროშით მცურავი გემებისთვის, რომლებსაც სურსათი და სასუქები გადააქვთ და რუსეთისთვის ამ პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკის მიწოდების აღდგენას.

25 მარტს, ღამით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა შეთანხმებით მანიპულირება დაიწყო და ფაქტობრივად, ცვდილობს შუამავლების და მთელი მსოფლიოს მოტყუებას.

უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ მოსკოვი ყოველთვის იტყუება და ახლა მსოფლიოზე, მშვიდობის რეალურად მსურველებზეა დამოკიდებული, ისევ მისცემენ თუ არა რუსეთს მოტყუების საშუალებას.

სრულად წაკითხვა