წაკითხვა: 80
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გათვალისწინებით ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ განიხილავს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ანკორიჯში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რაც დღეს მოხდა, ვფიქრობ, ამაზე ფიქრი ახლა არ მჭირდება. შესაძლოა, ამაზე ფიქრი ორ ან სამ კვირაში მომიწიოს, თუმცა ახლა ამაზე ფიქრი არ გვჭირდება. ვფიქრობ, იცით, რომ შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის განცხადებითვე, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ტერიტორიულ და უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმება ძირითადად მიღწეულია.
„ფოქს ნიუსის“ წამყვანმა, შონ ჰანითიმ დონალდ ტრამპს ჰკითხა, ტერიტორიების გაცვლის შესაძლებლობაზე, რის შედეგადაც რუსეთს უფრო მეტი ტერიტორია ექნება, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების ზომებზე, რომლებიც არ იქნება ნატო-სთან დაკავშირებული, აშშ-ის პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ისინი ძირითადად შეთანხმდნენ.
„ვფიქრობ, ეს ის საკითხებია, რომლებიც განვიხილეთ და ეს არის საკითხები, რომლებზეც ძირითადად შევთანხმდით“, – აღნიშნა მან.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინის თანხმობა.
„ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან. უკრაინა ამას უნდა დათანხმდეს, შესაძლოა, თქვან – არა. დიდ საომარ მანქანას ებრძვიან. ვფიქრობ, ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ ამის თქმა არ მომწონს. როდესაც ნამდვილად ახლოს ვარ, მე ყოველთვის ვამბობ, 50/50-ზეა, რადგან შესაძლოა, ბევრი რამ მოხდეს. თუმცა, ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს სურს პრობლემის გადაჭრა“, – თქვა მან.
კითხვაზე, 10-ბალიანი შკალით რამდენით შეაფასებდით რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მას 10 ქულით შეაფასებდა.
შეგახსენებთ, რომ ალასკაში გამართულ შეხვედრამდე დონალდ ტრამპი რუსეთს სანქციებით ემუქრებოდა, თუ ის სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევდა.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ანკორიჯში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს