აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მსოფლიოს ქვეყნებისთვის საბაჟო ტარიფების დაწესების გამო მეორე კვირაა კომპანიები მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.
დღეს, 7 აპრილს ტოკიოს ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას თითქმის 9%-ით დაეცა ინდექსი Nikkei, რომელიც იაპონიის 255 კომპანიის აქციათა მდგომარეობას ასახავს.
ჩინეთის საფონდო ბირჟებზე ვარდნა 6-8% იყო. 8%-ით დაეცა ჰონ-კონგის ბირჟის ინდექსი. სამხრეთ კორეის ბირჟაზე აქციათა კურსის ვარდნის გამო ვაჭრობა დროებით შეაჩერეს.
დღეს ძირითადი ინდექსების ვარდნას ელოდებიან ამერიკის საფონდო ბირჟაზეც, რომელიც მოგვიანებით გაიხსნება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 აპრილს განაცხადა, რომ კვირის ბოლოს ესაუბრა პოლიტიკოსებს, მათ შორის ევროპასა და აზიაში, სადაც ტარიფებზე შეთანხმების მიღწევა სურთ.
პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომლითაც უქმე დღეების შემდეგ ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზად არის სავაჭრო პარტნიორებთან ტარიფების განსახილველად, მაგრამ სავაჭრო დეფიციტსა და დისბალანსს აღარ შეეგუება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, რომლის სატარიფო პოლიტიკამ მსოფლიოს საფონდო ბაზრებზე შოკი გამოიწვია, თავისი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაიცვა და განაცხადა, რომ ზოგჯერ რაღაცის გამოსასწორებლად წამლის მიღებაა საჭირო.
დონალდ ტრამპმა 2 აპრილს გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებს უწესებს საპასუხო საბაჟო გადასახადებს. მინიმალური ტარიფი 10%-ია, მაქსიმალური კი 50%-ს უახლოვდება.
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ გასულ კვირაში მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია ევროპის, აზიის და თავად ამერიკის საფონდო ბირჟებზე.
ტრამპი ტარიფებს მიიჩნევს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის, სავაჭრო ბალანსის დაცვისა და ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებად. ეკონომისტების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები რეცესიას და ფასების ზრდას გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ამერიკელებზეც.