12 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორი დღის განმავლობაში მეორე სატელეფონო საუბარი გამართა. მათი წინა საუბარი 11 ოქტომბერს შედგა.
ზელენსკიმ საუბარს ამჯერადაც „პროდუქტიული“ უწოდა.
„გუშინ შევთანხმდით დღევანდელ კონკრეტულ თემაზე და განვიხილეთ სიტუაციის ყველა ეს ასპექტი: ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის დაცვა, მისი გაძლიერება - როგორც საჰაერო თავდაცვის, ასევე ჩვენი მდგრადობისა და ჩვენი შორი დისტანციის შესაძლებლობების თვალსაზრისით“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ მედიაში.
მან აღნიშნა, რომ ტრამპთან ერთად ასევე განიხილეს ენერგეტიკული საკითხები, რაც, როგორც ჩანს, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის დარტყმებს გულისხმობდა.
ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ მან და ტრამპმა ასევე ისაუბრეს უკრაინისთვის შორი მოქმედების „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე.
„ჩვენ ვხედავთ და გვესმის, რომ რუსეთი შიშობს, რომ ამერიკელებმა შეიძლება „ტომაჰავკები“ მოგვცენ. ეს არის სიგნალი იმისა, რომ ამ ტიპის ზეწოლამ შეიძლება მშვიდობისთვის იმუშაოს“, - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ „ჩვენი გუნდები, ჩვენი სამხედროები იმუშავებენ ყველაფერზე, რაც განვიხილეთ“.
ერთი დღით ადრე, წყაროებზე დაყრდნობით, Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ზელენსკისთან განიხილა „ტომაჰავკების“ საკითხი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება მათ მიწოდებაზე.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ უკრაინა ამ რაკეტებს მიიღებს, მათ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ გამოიყენებს, არამედ მხოლოდ რუსეთის სამხედრო ობიექტებს დაუშენს.
„ტომაჰავკის“ თემა უკიდურესი შეშფოთების საგანია, - უთხრა 12 ოქტომბერს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას. - ახლა მართლაც ძალიან დრამატული მომენტია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაძაბულობა ყველა მხრიდან ესკალაციას განიცდის“.
პესკოვმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის მიმართულებით „ტომაჰავკებს“ გაუშვებენ, მოსკოვს მოუწევს გაითვალისწინოს, რომ რაკეტის ზოგიერთ ვერსიას შეუძლია ბირთვული ქობინების ტარება.