დონალდ ტრამპმა დაასრულა შუა აღმოსავლეთში ვიზიტი და ეგვიპტიდან აშშ-ში გაემგზავრა. ეგვიპტეში აშშ-ის პრეზიდენტმა, მთავარ შუამავლებთან - კატარის, ეგვიპტისა და და თურქეთის ლიდერებთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ღაზაში ომის დასრულებაზე.
დონალდ ტრამპი 13 ოქტომბერს ისრაელში შეხვდა მძევლების ოჯახებს, რის შემდეგაც ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რეგიონისთვის „ისტორიული გარიჟრაჟი“ დადგა.
ისრაელის პარლამენტში მას სიტყვა ორი არაბი-ისრაელელი დეპუტატის შეძახილებმა შეაწყვეტინა. ისინი დარბაზიდან გაიყვანეს. აიმან ოდეჰი „ჰადაშის“ ალიანსის წევრია. მოგვიანებით მან დაწერა, რომ ის პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მოთხოვნის გამო გააძევეს.
ეგვიპტეში ყოფნისას ტრამპი პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ დააჯილდოვა ნილოსის ორდენით, რომელიც ეგვიპტეში უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა.
„ჩვენ ერთად მივაღწიეთ იმას, რაზეც ყველა ამბობდა, რომ შეუძლებელია“ - განაცხადა ტრამპმა ეგიპტეში გამართულ მშვიდობის სამიტზე - “ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვაქვს მშვიდობა შუა აღმოსავლეთში - ძალიან იოლი გამოთქმაა, მშვიდობა შუა აღმოსავლეთში და ის მრავალი წელია გვესმის, მაგრამ არავინ ფიქრობდა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა და ახლა აქ ვართ“.
ეგვპიტეში გამართულ მშვიდობის სამიტზე 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები იმყოფებოდნენ, მათ შორის - აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერმინისტრი.
ღაზის მშვიდობის სამიტს არ დასწრებიან ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლები. შარმ ელ-შეიხში აშშ-ის პრეზიდენტი შეხვდა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს.
ტრამპმა მადლობა გადაუხადა სამიტზე შეკრებილ რეგიონის ლიდერებს და აღნიშნა, რომ მათ ჰამასსა და ისრაელს შორის „წარმოუდგენელ“ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს:
„წლობით ტანჯვისა და სისხლისღვრის შემდეგ, ღაზაში ომი დასრულდა. ახლა იქ ჰუმანიტარული დახმარება მიედინება, მათ შორის სურსათითა და სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული ასობით მანქანა და სხვა მარაგები, რომელთა დიდი ნაწილი ამ ოთახში მყოფი ადამიანების გადახდილია. მშვიდობიანი მოსახლეობა სახლებში ბრუნდება. მძევლები ოჯახებს უბრუნდებიან. იმის თქმა მინდა, რომ ეს მშვენიერია“.
აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს სხვა ქვეყნებს „აბრაამის შეთანხმებების“ ხელმოწერისკენ, რომელსაც ის თავისი პირველი პრეზიდენტობის მთავარ საგარეოპოლიტიკურ მიღწევად თვლის:
„ვაპირებთ უამრავი ადამიანი შემოვუერთოთ „აბრაამის შეთანხმებებს“. ოთხმა დიდებულმა სახელმწიფომ მას თავიდანვე მოაწერა ხელი და უერთგულეს მას“.
„აბრაამის შეთანხმებებს“ 2020 წელს მოეწერა ხელი, რომელმაც ერთი მხრივ ისრაელსა და მეორე მხრივ ბაჰრეინს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, მაროკოსა და სუდანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია მოიტანა. ამ შეთანხმებების ხელმოწერამდე მხოლოდ იორდანიამ და ეგვიპტემ სცნეს ისრაელი. სხვა არაბული სახელმწიფოები, როგორიც საუდის არაბეთია, აცხადებენ, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციამდე პალესტინის სახელმწიფო უნდა იყოს აღიარებული.
დონალდ ტრამპის ამბიცია კიდევ უფრო შორს - ირანთან შესაძლო შეთანხმების მიღწევამდე მიდის. რეგიონში ამ ვიზიტისას მან რამდენჯერმე ახსენა ირანი - „ეს იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ირანს ოდესმე მიუღია“, - განაცხადა მან ქნესეთში გამოსვლისას.