ტრამპმა ხელი მოაწერა შვიდი სააგენტოს მასშტაბური შემცირების ბრძანებას, მათ შორისაა რადიო თავისუფლების ზედამხედველი უწყება USAGM

4 hours ago 2

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას. მათ შორისაა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) და სხვა, ფედერალურ მაუწყებლებს.

ბრძანება, რომელსაც ხელი 14 მარტის საღამოს მოეწერა, ასევე მიემართება სააგენტოებს, რომლებიც მუშაობენ უსახლკარობის პრობლემაზე, შრომით დავებზე და სათემო განვითარებაზე.

"ამ ბრძანების თარიღიდან 7 დღეში, ყოველი დასახელებული სამთავრობო უწყების ხელმძღვანელმა ანგარიში უნდა წარუდგინოს მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორს, დაადასტუროს ამ ბრძანებასთან სრული თანხვედრა და ახსნას, ამ სამთავრობო უწყების რომელი კომპონენტები ან ფუნქციები - თუკი ასეთები არსებობს - არის კანონით მოთხოვნილი, და რა მასშტაბითაა ასე" - ვკითხულობთ ბრძანებაში.

RFE/RL აღმასრულებელ ბრძანებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ ავრცელებს.

USAGM აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტოა, ის ზედამხედველია ახალი ამბებისა და ინფორმაციის მაუწყებლობაზე, რომელიც 50-მდე ენაზე ვრცელდება და ყოველკვირეულად 361 მილიონამდე ადამიანთან აღწევს.

2025 ფისკალური წლისთვის USAGM-ისთვის მოთხოვნილი ბიუჯეტი შეადგენდა 950 მილიონ დოლარს, რითიც უნდა დაფინანსდეს ყველა მისი მოქმედება და კაპიტალდაბანდებები. ეს მოიცავს მედიასაშუალებებს - RFE/RL-ს, ამერიკის ხმას, რადიო თავისუფალ აზიას, კუბის მაუწყებლობის ოფისს, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელებს და ღია ტექნოლოგიის ფონდს.

ტრამპს - რომელმაც, იანვარში პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყების შემდეგ არაერთი ნაბიჯი გადადგა სამთავრობო ხარჯების შესაკვეცად - პირველი ვადის პერიოდში USAGM-თან უთანხმოება ჰქონდა სარედაქციო დამოუკიდებლობის და პროგრამირების მიმართულებების საკითხებზე.

თავისი უკმაყოფილების ამ მიზეზებს ტრამპი პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგაც ასახელებს. ამ მაუწყებელთა მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ ეს მედიასაშუალებები აშშ-ის დიპლომატიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

USAGM-თან ერთად, აღმასრულებელი ბრძანება ეხება შუამავლობისა და შერიგების ფედერალურ სამსახურს, ვუდრო ვილსონის მკვლევართა საერთაშორისო ცენტრს The Smithsonian Institution-ში, სამუზეუმო და ბიბლიოთეკების მომსახურების ინსტიტუტს, უსახლკარობის საკითხზე აშშ-ის სააგენტოებს შორის მოქმედ საბჭოს, სათემო განვითარების ფინანსური ინსტიტუტების ფონდსა და უმცირესობათა ბიზნესის განვითარების სააგენტოს.

სრულად წაკითხვა