ტყუილები და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები ნაცემი ჟურნალისტის საქმეზე სასამართლოში

1 month ago 4

“ზუსტად არ მახსოვს, მაქედან გასულია სამი თვე” – ეს და მსგავსი შინაარსის ფრაზები რამდენჯერმე გაიმეორეს მოწმე პოლიციელებმა “პუბლიკის” ჟურნალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილის სასამართლო სხდომაზე. თუმცა, ის ფაქტებიც კი, რაც მათ ახსოვდათ, ურთიერთგამომრიცხავი იყო და ეწინააღმდეგებოდა იმ ვიდეომტკიცებულებებს, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა.

ალექსანდრე ქეშელაშვილი პირველი ჟურნალისტია, ვისაც პროევროპული აქციების განმავლობაში სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის უწყვეტი საპროტესტო აქციების პირველივე დღეს, 29 ნოემბრის ღამეს დააკავეს ნიღბიანებმა და რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ. შედეგად, ქეშელაშვილს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მას ცხვირზე ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მაგრამ სუნთქვა დღემდე უჭირს და სრულად გამოსაჯანმრთელებლად კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება. თუმცა ქეშელაშვილს აქეთ ასამართლებენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.

“პარლამენტის წინ ვიღებდი ფოტოებს – ვასრულებდი ჩემ პროფესიულ საქმიანობას. ამ დროს, პოლიციამ ალყაში მომაქცია, შემითრიეს კორდონში, მცემეს. წამართვეს კამერები, რომლებიც დაიკარგა და დღემდე დაკარგულია. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება, თითქოს საზოგადოებრივ წესრიგს ვარღვევდი, როცა ისე მცემეს, ოპერაციაც კი დამჭირდა.

ოპერაციის შემდეგ ორი კვირა ვიწექი. ახლაც სასამართლო პროცესი ისეთ დროს ჩანიშნეს [25 თებერვალს, 16:00 საათზე, საპროტესტო გაფიცვის დროს], როცა მე გარეთ უნდა ვყოფილიყავი და გამეშუქებინა აქცია, რითაც კიდევ ერთხელ შემეშალა ხელი. მომავალშიც, კიდევ ერთი ოპერაცია რომ დამჭირდება, ალბათ, მომიწევს გარკვეული პერიოდით ჩამოვშორდე პროფესიულ საქმიანობას”, – ამბობს ქეშელაშვილი.

რატომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქეშელაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მომხდარიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, უცნობია. პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი ამბობს, რომ ქეშელაშვილის დაკავების და სასტიკად ცემის შემდეგ მას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ რაღაც შეცდომაა და მალე გამოუშვებდნენ.

“ლექსო რომ დაიკარგა, გაქრა, ვურეკავთ, ტელეფონი გათიშული აქვს და ვერ მივაკვლიეთ, მერე დავიწყეთ რეკვა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. საათ-ნახევრის შემდეგ ძლივს დავუკავშირდით და ქეთი კოვზიაშვილმა [შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი] მითხრა, რომ რაღაც შეცდომაა, ახლავე გამოუშვებენ. ჩვენ თვეების მანძილზე არ ვიცოდით, რომ ლექსოს პასუხისგებაში მიცემას აპირებდნენ. შეიძლება, გადატვირთულობის გამო – უკვე ვეღარ გაუგიათ, ვინ დააჯარიმონ, ვინ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცენ, ვინ სისხლის სამართლის და ამ ალიაქოთში მოუსწრეს და ჩაავლეს ხელი. ვადებიც გასდიოდათ”, – თქვა ვარდიაშვილმა.

ფაქტია, რომ შსს-ს იურისტებსა და მოწმედ გამოძახებულ პოლიციელებს მომხდარიდან სამი თვის შემდეგ უწევდათ იმის მტკიცება, რომ 29 ნოემბრის ღამეს, პარლამენტთან ქეშელაშვილი პოლიციელების კორდონის გარღვევას ცდილობდა, იგინებოდა, ილანძღებოდა და არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოწოდებას. უწყება მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს ეფუძნებოდა. პოლიციელების, რომელთაგან ერთი – თამაზ თავაძე, უწყების იურისტმა დამკავებლად წარადგინა, მეორე – გიგი ბობოხიძე კი, მოწმედ. თუმცა სხდომაზე მათი გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ თავაძეს არათუ არ დაუკავებია ქეშელაშვილი, მისი დაკავების შესახებ გადაწყვეტილებაც კი არ მიუღია. ხოლო ბობოხიძეს “პერიოდულად ჰყავდა თვალთახედვის არეში” ქეშელაშვილი, მაგრამ დაკავების მომენტი არ დაუნახავს.

თამაზ თავაძისა და გიგი ბობოხიძის მონაყოლი კიდევ ბევრ ასპექტში იყო ერთმანეთთან შეუსაბამო, ორივე კი- დაცვის მხარის წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებთან.

ალექსანდრე ქეშელაშვილი და მისი ადვოკატები, მარიამ პატარიძე და ჯანო ჭკადუა სასამართლო სხდომაზე

  • ვინ მიიღო ალექსანდრე ქეშელაშვილის დაკავების გადაწყვეტილება და ვინ დააკავა ის

შსს-ს იურისტმა, მარიამ დოლიძემ 26 წლის პატრულ-ინსპექტორი თამაზ თავაძე ჟურნალისტის დამკავებლად წარადგინა. მოწმის დარბაზში შემოსვლამდე ადვოკატებმა – მარიამ პატარიძემ და ჯანო ჭკადუამ დააზუსტეს, რას გულისხმობდა შსს, როცა მას დამკავებელს უწოდებდა. უწყების წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს იყო ადამიანი, ვინც ქეშელაშვილს დაკავების ოქმი შეადგინა.

ადვოკატებმა დაინტერესდნენ, იყო თუ არა თავაძე ის ადამიანი, ვინც ფიზიკურად დააკავა ქეშელაშვილი და მას გადაადგილება შეუზღუდა, რაც შსს-ს წარმომადგენელმა უარყო. მარიამ დოლიძემ განმარტა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელმა სამართალდამცველებმა შებოჭეს ქეშელაშვილი, დაკავებით თამაზ თავაძემ დააკავა, რაშიც შსს-ს წარმომადგენელი მისთვის ხელბორკილების დადებასა და პოლიციის მანქანაში ჩასმას მოიაზრებს.

ჩვეულებრივ, მსგავსი შინაარსის სხდომებზე, დამკავებლად წარმოდგენილი პოლიციელები ამბობენ, რომ მოქალაქე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) წევრებმა მისი მითითებით შებოჭეს და მასთან მიიყვანეს. ეს იმიტომ, რომ თავად გდდ-ს მოქალაქეთა დაკავების უფლება არ აქვს, პოლიციელები კი სპეცრაზმელებისთვის მითითების მიცემის საჭიროებას დემონსტრანტთა აგრესიულობით ხსნიან და განმარტავენ, რომ პოტენციურად საშიში მოქალაქის დასაკავებლად ისეთი აღჭურვილობაა საჭირო, რომელიც მათ არ აქვთ, მაგრამ აქვთ სპეცრაზმელებს. ტრადიციულად, ასე იხსნება დაკავების ოქმში იმ პოლიციელის სახელის ჩაწერა, რომელსაც, სინამდვილეში, მოქალაქე ფიზიკურად არ დაუკავებია.

ამ შემთხვევაში, თამაზ თავაძის გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ ქეშელაშვილის არათუ თავად არ დაუკავებია, არამედ ამის შესახებ გადაწყვეტილებაც კი არ მიუღია. მისი განმარტებით, გდდ-ს სპეცრაზმელები იმ მომენტში ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ. თავაძემ თქვა, რომ ზუსტად არ იცის, ვინ დააკავა ქეშელაშვილი – “სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ იქ” – თუმცა ამბობს, რომ საბოლოოდ მან “გადმოიბარა” და “გაიფორმა”.

რას ნიშნავს დაკავებულის “გადმოფორმება”, პოლიციელმა სხდომაზე ვერ ახსნა. კითხვაზე, რატომ იყო დაკავების ოქმში მისი სახელი მითითებული, თავაძემ ასე უპასუხა:

“იმიტომ, რომ მე გადმოვიბარე დაკავებული, მეც ვხედავდი ამ სიტუაციას, მეც ვაანალიზებდი, რომ არღვევდა წესრიგს და გადმოვიფორმე. უშუალოდ, ხელი მე მისთვის არ წამივლია […] მოვყვებოდი მათ, ვისაც დაკავებული მიჰყავდათ და გავიფორმე მე”, – თქვა თავაძემ.

რაც შეეხება მეორე მოწმე პოლიციელს, გიგი ბობოხიძეს, ქეშელაშვილის დაკავების მომენტი საერთოდ არ დაუნახავს. თუმცა ამტკიცებდა, რომ დაინახა, როგორ არღვევდა ის საზოგადოებრივ წესრიგს.

საბოლოოდ, სხდომა ისე დასრულდა, რომ გაურკვეველი დარჩა, ვინ გადაწყვიტა ალექსანდრე ქეშელაშვილის დაკავება, ან ვინ დააკავა ის.

ქეშელაშვილის დაკავების ოქმი, რომელზეც მას ხელი არ მოუწერია

როგორ დაინახეს აირწინაღაფარებული ქეშელაშვილის ტუჩის მოძრაობა მოწმე პოლიციელებმა

მოწმე პოლიციელები განმარტავდნენ, რომ ქეშელაშვილი იგინებოდა და ილანძღებოდა, ასევე ცდილობდა პოლიციელების კორდონის გარღვევას. კითხვაზე, კონკრეტულად რაში გამოიხატა ეს მცდელობა, თამაზ თავაძემ უპასუხა, რომ ქეშელაშვილი სხვა მოქალაქეებთან ერთად პოლიციელების კორდონის პირველ რიგთან მივიდა და იყო “მიწევ-მოწევა”. მისივე თქმით, ამ დროს უკან იდგა, მასსა და მოქალაქეებს შორის პოლიციელთა რამდენიმე მწკრივი იყო, მაგრამ დაადასტურა, რომ ქეშელაშვილის სახეს გარკვევით ხედავდა.

გიგი ბობოხიძემ თქვა, რომ კორდონის მეორე მწკრივში იდგა და თამაზ თავაძე გვერდით ედგა. ამბობს, რომ “მიწევ-მოწევა” მანაც დაინახა – “დაჯიკავებას ვგულისხმობ” – და გაიგო ქეშელაშვილის გინება. კითხვაზე, როგორც გაარჩიეს ქეშელაშვილის ხმა ბევრ ადამიანს შორის, ორივე პოლიციელმა უპასუხა, რომ მათ დაინახეს მისი პირის მოძრაობაც, რითაც დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ქეშელაშვილი იგინებოდა. უფრო მეტიც, კითხვაზე, რით გამოარჩიეს სხვა მოქალაქეებისგან ქეშელაშვილი, თამაზ თავაძემ უპასუხა, რომ დაამახსოვრდა მისი წვერი.

სინამდვილეში, ალექსანდრე ქეშელაშვილს აქციის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში სახეზე ეკეთა აირწინაღი, რომელშიც ტუჩები და ცხვირი საერთოდ დაფარულია. გარდა ამისა, მას ეკეთა ჩაფხუტი. ეს ჩანს იმ ვიდეომტკიცებულებებში, რომლებიც ადვოკატებმა მოსამართლეს წარუდგინეს. გარდა იმისა, რომ ამგვარი აღჭურვილობის პირობებში ფიზიკურად შეუძლებელია ადამიანის წვერისა და ტუჩის მოძრაობის დანახვა, მით უფრო 10 მეტრის დაშორებით – როგორც პოლიციელებმა განმარტეს, სწორედ ეს მანძილი აშორებდათ ქეშელაშვილამდე, რთულია საუბრის გარჩევაც.

ამის დასადასტურებლად, ქეშელაშვილმა ის აირწინაღი გაკეთა, რომელიც დაკავების დღეს, აქციაზე ეკეთა და ისე მიმართა მოსამართლეს. მისი ხმის გაგონება სასამართლო სხდომის დარბაზშიც კი რთული იყო.

“ვიდეოებშიც ნახავდით, რომ იქ ხმაური იყო. შესაბამისად, ის, რომ ვინმე გაიგონებდა ჩემს ხმას და მით უმეტეს, დაინახავდა, რას ვამბობდი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს”, – ასე მიმართა მოსამართლეს ქეშელაშვილმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ პოლიციელს არ დაუკონკრეტებია, რას ამბობდა ქეშელაშვილი. ორივე მათგანმა თქვა, რომ ის “აჰყვა მასობრივ შეძახილებს”.

იცოდნენ თუ არა მოწმე პოლიციელებმა, რომ ქეშელაშვილი ჟურნალისტი იყო

როგორც შსს-ს იურისტებმა, ისე მოწმე პოლიციელებმა ალექსანდრე ქეშელაშვილს აქციის მონაწილედ მოიხსენიებდნენ და არა ჟურნალისტად. თუმცა გიგი ბობოხიძემ, იმის დასადასტურებლად, რომ ქეშელაშვილის დანახვა კარგად შეეძლო, თქვა, რომ “ვინაიდან ჟურნალისტია” , წინა რიგებში მოძრაობდა. მოსამართლე ნინო ენუქიძემ მას ჰკითხა, საიდან იცოდა, რომ ქეშელაშვილი ჟურნალისტია.

“ვინაიდან აქციაზე ხშირად ვართ თანამშრომელბი, ჟურნალისტების სახეები მარტივი ის არის … [დასამახსოვრებელი]”, – უპასუხა მან მოსამართლეს.

ბობოხიძის ნათქვამს დარბაზში სიცილი და გადალაპარაკება მოჰყვა, რადგან იქამდე გამოკითხული თამაზ თავაძის მტკიცებით, მათ არ იცოდნენ, რომ ქეშელაშვილი ჟურნალისტი იყო.

ამის შემდეგ მოსამართლის დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ, დაკავებამდე იცოდა თუ არა, რომ ქეშელაშვილი ჟურნალისტი იყო, ბობოხიძემ უპასუხა:

“არა, იმ პერიოდში, არა. ეს უკვე მერე რომ გავიგე, იქიდან გამომდინარე გეუბნებით. იმ მომენტში, ვინაიდან სიბნელე იყო, აღქმადი არ იყო კარგად, ჟურნალისტი იყო თუ არა”.

სიბნელე იყო [ოქმში დაკავების დროდ მითითებულია 01:55 საათი], თუმცა ბობოხიძეც და თავაძეც ამტკიცებდნენ, რომ დაინახეს ქეშელაშვილის წვერი და ტუჩების მოძრაობა. მაგრამ მათ ვერ შეამჩნიეს აირწინაღი, ჩაფხუტი, დიდი ზომის, სპეციალურად აქციისთვის განკუთვნილი პრეს-ბარათი, ასევე, ორი დიდი კამერა და მობილური ტელეფონი, რომელსაც ქეშელაშვილი სამუშაოდ იყენებდა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ორივე მათგანი ამტკიცებდა, რომ დაკავებამდე ქეშელაშვილი პერიოდულად ხვდებოდა მათი თვალთახედვის არეში. თუმცა, როგორც ამბობენ, ვერ მიხვდნენ, რომ ჟურნალისტი იყო. თამაზ თავაძის თქმით, ის დაამახსოვრდა ზურგჩანთით და ჩაფხუტით, თუმცა იქვე დაამატა, რომ აქციაზე ასე სხვა მოქალაქეებიც მოძრაობენ. ბობოხიძეს კი ის “მოლურჯო ფოსფორისფერი” ქურთუკით დაამახსოვრდა.

ალექსანდრე ქეშელაშვილი ოპერაციის შემდეგ

რატომ არ დევს საქმეში სამხრე კამერების ჩანაწერები

როგორც შსს-ს იურისტებმა, ისე მოწმე პოლიციელებმა თქვეს, რომ იმ ღამეს სამხრე კამერები არცერთ პოლიციელს არ ეკეთა. თუმცა, განსხვავებული იყო მათი განმარტება.

უწყების იურისტი, მარიამ დოლიძე ამბობდა, რომ სამხრე კამერები, ჩვეულებრივ, 2 საათის განმავლობაში იღებს და რადგან პოლიციელები იქ დღის განმავლობაშიც იყვნენ, ღამის საათებში უკვე დასამუხტი იქნებოდა. ხოლო მოწმე პოლიციელებმა განმარტეს, რომ სამხრე კამერები მიზანმიმართულად არ უკეთიათ ხოლმე – “ჯიკაობა რადგან გვიწევს, რისკია, რომ დავკარგოთ, ამიტომ არ გვეკეთა”.

პოლიციელების გარდა, გამოიკითხა პუბლიკის კიდევ ერთი ჟურნალისტი, ბასტი მგალობლიშვილი, რომელიც მთელი ღამე კოლეგასთან ერთად მუშაობდა. მან თქვა, რომ 2-3 საათის განმავლობაში, ქეშელაშვილის დაკავებამდე, ისინი კოორდინირებულად მუშაობდნენ და ამ ხნის განმავლობაში მათ შორის 7 მეტრზე მეტი დისტანცია არ ყოფილა.

მგალობლიშვილმა მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წამით დაკარგა თვალთახედვის არიდან კოლეგა: როცა პოლიციელები ჭიჭინაძიდან პარლამენტისაკენ გაიქცნენ, სავარაუდო დაკავების ფაქტის გადასაღებად ჟურნალისებიც გაჰყვნენ მათ. როგორც მგალობლიშვილი ჰყვება, ჭყლეტისას ერთ-ერთი არხის ოპერატორი მის წინ წაიქცა, რის გამოც ყურადღება მისკენ გადაიტანა, რამდენიმე წამში კი აღმოაჩინა, რომ ქეშელაშვილი გვერდით აღარ მიჰყვებოდა.

ის უარყოფს ქეშელაშვილის მხრიდან როგორც კორდონის გარღვევის მცდელობას, ისე ლანძღვა-გნებას.

“10 წელია ერთად ვმუშაობთ და ყოფით პირობებშიც კი არ მომისმენია მისგან გინება, არათუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს”, – თქვა მან.

გარდა ამისა, მან თქვა, რომ ხმაურისა და აღჭურვილობის გამო, რომელიც ორივეს ეკეთა,  ერთმანეთის ხმის გაგება უჭირდათ მაშინაც კი, როცა გვერდიგვერდ იდგნენ და მით უფრო, შეუძლებელი იქნებოდა ქეშელაშვილის ხმის გაგონება მისგან 10 მეტრით დაშორებული პოლიციელებისთვის.

ყოველივე ამის შემდეგ, შსს-ს იურისტმა, მარიამ დოლიძემ ალექსანდრე ქეშელაშვილის სამართალდარღვევად ცნობა, თუმცა მისთვის მხოლოდ შენიშვნის გამოცხადება მოითხოვა. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში საქმის წარმოების შეწყვეტაა – “შენიშვნაც კი უსამართლო იქნება”.

სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ, რომელმაც საქმე მომხდარიდან 3 თვის შემდე განიხილა, მისი დასრულება კიდევ რამდენიმე კვირით გადადო. მან თქვა, რომ გადაწყვეწიტლებას 17 მარტს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.

ქეშელაშვილი ამბობს, რომ როგორც მისი, ისე სხვა ჟურნალისტების საქმეები არა ინდივიდუალურად, არამედ “სისტემური დავალებით” იქმნება და განიხილება. საბოლოო სიტყვით მიმართვისას, მან ისაუბრა ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელსა და დირექტორზე, მზია ამაღლობელზეც.

“მე ვიყავი პირველი ჟურნალისტი, რომელსაც თავს დაესხნენ. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ჩემი საქმე არის ყველაზე მძიმე. სრულიად წარმოუდგენელი მუხლებით, ჯერ ადმინისტრაციულად, ხოლო შემდეგ სისხლის სამართლის მუხლითაც დააკავეს მზია ამაღლობელი. ის დღემდე ციხეშია და ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმის, როგორ ისჯება დღეს მედია და შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორ ცდილობს, რომ არა მარტო კონკრეტულ ჟურნალისტებს, არამედ მთლიანად მედიას”, – თქვა ჟურნალისტმა სხდომის დასასრულს.

ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და პოლიციელების მხრიდან მის მიმართ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაწყებული აქვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ქეშელაშვილს დაზარალებულის სტატუსიც აქვს. თუმცა, მომხდარიდან თითქმის 3 თვის შემდეგაც არავინ დასჯილა. უფრო მეტიც, ჟურნალისტის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებას ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი და ხელშესახები საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია.

ფოტო: თამაზ თავაძე, გიგი ბობოხიძე და ალექსანდრე ქეშელაშვილი.
სრულად წაკითხვა