უკვე ოთხი თვეა, საჯარო მოხელეების დეკლარაციები არ ქვეყნდება

4 months ago 36

ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც ოთხი თვეა ვერ მოუგვარებია „ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს აღარ აქვთ წვდომა საჯარო მოხელეების დეკლარაციებზე, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ფუნქციები გაუზარდა და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) აღსრულების ფუნქციები ჩააბარა.

იმის მიუხედავად, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი ანტიკორუფციულ ბიუროს დეკლარაციების გამოქვეყნებას ავალდებულებს, 2024 წლის დეკემბრიდან ამ ფუნქციას არ ასრულებს - ვებსაიტზე მოქალაქეთათვის ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია. ოფიციალური მიზეზი „ტექნიკური ხარვეზია“, რისი მოგვარებაც ბიურომ ოთხი თვის განმავლობაში ვერ შეძლო.

გარდა იმისა, რომ დეკლარაციები საჯაროდ აღარ ქვეყნდება, ბიურომ არც საჯარო ინფორმაციის სახით არ მიაწოდა რადიო თავისუფლებას საჯარო მოხელეების ქონების შესახებ ინფორმაცია.

ანტიკორუფციული ბიუროსთვის მიწერილი წერილი და მასზე პასუხი

ანტიკორუფციული ბიუროსთვის მიწერილი წერილი და მასზე პასუხი

საჯარო მოხელეების დეკლარაციები ჟურნალისტებისა და მკვლევრებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ამ დოკუმენტებით შესაძლებელია კორუფციული რისკების აღმოჩენა. ვებსაიტი 2010 წლიდან ფუნქციონირებდა.

ამ ვებსაიტის დახმარებით შეიტყო საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილის არადეკლარირებულ ძვირადღირებულ საათებსა და სხვა საჯარო მოხელეების ქონებაზე.

დეკლარაციების გაცნობაზე შეზღუდვები „ქართულმა ოცნებამ“ უფრო ადრე, 2024 წლის 29 მაისს დაიწყო - ამ დღეს პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა. ამ ცვლილების შემდეგ საჯარო მოხელეების დეკლარაციები 48 საათში აღარ უნდა გასაჯაროებულიყო. კანონმა ანტიკორუფციულ ბიუროს შესაძლებლობა მისცა, დოკუმენტები ვებსაიტზე 60 დღის განმავლობაშიც კი არ გაესაჯაროებინა.

ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ხალხმრავალი აქციების ფონზე მიიღო - თბილისში მრავალათასიანი აქციები იმართებოდა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას ავალდებულებდა. ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ კანონი მაინც მიიღო - პარტიის ლიდერები ამბობდნენ, რომ მათი მიზანი არა არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზება, არამედ „გამჭვირვალობა“ იყო.

სრულად წაკითხვა