უკრაინის მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტისგან ითხოვს, განიხილოს ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი.
შესაბამის პეტიციას 14 ოქტომბრის დილის ათი საათისთვის ხელს აწერს 26 700-ზე მეტი მოქალაქე. ხელმომწერები მიზეზად ასახელებენ საჯარო წყაროებით არაერთხელ გავრცელებულ ცნობებს, რომ გენადი ტრუხანოვს რუსეთის მოქალაქის პასპორტიც აქვს.
გარდა ამისა, პეტიციის თანახმად, ტრუხანოვი იცავს „აგრესორი სახელმწიფოსთვის მომგებიან ნარატივებს“ და „ძეგლებს, რომლებიც შეიცავენ რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკას“.
13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პეტიციაში ისიც ნათქვამია, რომ ოდესაში 2025 წლის 30 სექტემბერს მომხდარმა ტრაგედიამ, როცა წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ქალაქის მერისადმი უნდობლობა გააძლიერა.
ხელმომწერები პრეზიდენტ ზელენსკის მიმართავენ, უზრუნველყოს გენადი ტრუხანოვის ორმაგი მოქალაქეობის შემოწმება და დადასტურების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, მას უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტოს.
თავად ოდესის მერი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მორიგი პროვოკაციაა. გენადი ტრუხანოვმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა მიმართვა, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის საკითხი პერიოდულად აქტიურდება 2014 წლიდან მიუხედავად იმისა, რომ ეს არაერთხელ უარყო და შესაბამისი შემოწმება ჩაატარეს უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმაც.
ოდესის მერი ფეიკს უწოდებს სოციალური ქსელებით გავრცელებულ რუსულ პასპორტს, რომელიც თითქოს მისია და აცხადებს, რომ თუ მსგავსი ყალბი დოკუმენტი არსებობს, ის უნდა განადგურდეს.
ტრუხანოვის განცხადებით, მორიგ ჯერზე დაბრუნებულ ამბავს ყურადღებას არ მიაქცევდა, რომ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტთან არსებული კომისია აპირებს მისი მოქალაქეობის საკითხის განხილვას. ოდესის მერი უკრაინის პრეზიდენტს და შესაბამის სამსახურებს მიმართავს, ყურადღებით შეამოწმონ დოკუმენტები და სიმართლე დაადგინონ.
გენადი ტრუხანოვი ოდესის არჩეული მერია 2014 წლის მაისიდან. მანამდე ის უკრაინის პარლამენტის წევრი იყო პრეზიდენტ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიიდან“, რომელიც 2014 წლის თებერვალში დატოვა.
უკრაინული მედიით 2014 წლიდან ვრცელდებოდა ცნობები, რომ ტრუხანოვს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს.