WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით და მართვადი ავიაბომბებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე, ხარკოვსა და სუმიზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

კიევში დრონებით შეტევის გამო ცხრა საათს გაგრძელდა 27 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოცხადებული საჰაერო განგაში. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს საჰაერო ძალებისა და საჰაერო განგაშის რუკის მონაცემებზე დაყრდნობით.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი და ცხრა დაშავდა. კიევის რამდენიმე რაიონში ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია სახლები და არასაცხოვრებელი შენობები. გაჩნდა ხანძრები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით გავრცელებული ინფორმაციით, კიევში დაარტყეს კომპანიების, „ომეგა ტელეკომის“ და „კიევსტარის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ხარკოვი და სუმი

უკრაინის ქალაქ ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა მართვადი ავიაბომბებით დაარტყეს ქალაქის კიევის და სალტოვის რაიონებს.

დაშავდა სულ მცირე 22 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი ბომბი მრავალბინიან სახლთან აფეთქდა.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციამ 28 სექტემბერს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი სახლის ფოტო

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციამ 28 სექტემბერს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი სახლის ფოტო

მართვადი ავიაბომბებით შეტევა იყო ქალაქ სუმიზეც. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპნენ ხანდაზმული ქალი და 16 წლის გოგო.

დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.

დაზიანებულ შენობებს შორისაა ოჯახებისა და ბავშვების მხარდაჭერის ცენტრი.