ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატით ავტომობილზე დარტყმის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა.
დრონებით შეტევას მასშტაბური ხანძარი მოჰყვა ოდესის ოლქში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა საფეიქრო ნაწარმის საწყობებს. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი.
რუსეთის ჯარები ბოლო ხანს ისევ ინტენსიურად უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს. უპილოტო საფრენი აპარატებით წუხანდელი შეტევის შემდეგ დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, პოლტავის, სუმის და კიროვოგრადის ოლქებში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი ამოქმედდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 13 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 82 დრონით, რომელთაგან 69 ჩამოაგდეს. სარდლობამ დაადასტურა 13 დრონით პირდაპირი დარტყმა შვიდ ადგილზე.
უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის ხელისუფლებაც. როსტოვის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა კერძო სახლზე დრონის დაცემის შედეგად.
დრონებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე ნავთობტერმინალში.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში გაანადგურეს 103 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 40 ყირიმში, 26 - ასტრახანის ოლქში, 19 - შავი ზღვის თავზე, 14 - როსტოვის ოლქში და დანარჩენი - აზოვის ზღვის თავზე, ბელგოროდის ოლქსა და ყალმუხეთის რესპუბლიკაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.