უკრაინის გენშტაბის ცნობით, ენგელსის აეროდრომზე დარტყმით რუსეთს 96 რაკეტა გაუნადგურეს

3 weeks ago 29

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, დღეს, 27 მარტს გამოაქვეყნა „დაზუსტებული ინფორმაცია“, რომლის თანახმად, რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დარტყმის შედეგად რუსეთმა დაკარგა საჰაერო ბაზირების 96 რაკეტა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების აეროდრომ „ენგელს-2“-ზე შეტევა 20 მარტს განახორციელეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დარტყმა იყო საავიავიო საწვავის საცავებზეც და მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია.

სხვა წყაროებით ეს მონაცემები გადამოწმებული არ არის.

20 მარტს რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსზე დრონებით შეტევა იყო. ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ობიექტის მახლობლად მცხოვრებთა ევაკუაცია გახდა საჭირო. ენგელსის რაიონში „მუნიციპალური დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი" გამოაცხადეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 მარტს განახადა, სარატოვის ოლქში 54 უკრაინული დრონი გაანადგურეს, თუმცა, სამხედრო აეროდრომზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომს დრონებით პირველად 2022 წლის დეკემბერში შეუტიეს.

უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი დარტყმა იყო ენგელსის ნავთობის საცავზეც. მათ შორის 2025 წლის იანვარში, დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის ბაზა „კომბინატ კრისტალის" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს კვირაზე მეტხანს აქრობდნენ და ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დასჭირდათ.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

სრულად წაკითხვა