უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დემობილიზაციის შესახებ კანონპროექტი მოამზადეს. მაგრამ, როგორც "უკრაინსკა პრავდა" წერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მხარს არ უჭერს დოკუმენტს, რადგან მისი მიღება და განხორციელება გამოიწვევს ასი ათასზე მეტი გამოცდილი სამხედრო მოსამსახურის ერთდროულ გათავისუფლებას.
დოკუმენტის ოპონენტები კერძოდ შიშობენ, რომ თუ ვერხოვნა რადა მიიღებს სამხედრო უწყების მიერ შემუშავებულ დემობილიზაციის პროექტს, ეს გამოიწვევს საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტების მნიშვნელოვან შემცირებას. პარლამენტში აღნიშნეს, რომ საუბარია საბრძოლო გამოცდილების მქონე 108 000 სამხედრო მოსამსახურის, მათ შორის 14 000 ოფიცრის ერთდროულ დემობილიზაციაზე.
გასული წლის აპრილის დასაწყისში 4000-ზე მეტი შესწორებისა და რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის კანონპროექტი მიიღო. უკრაინას ფრონტის ხაზზე ცოცხალი ძალა სჭირდება, ამ დროს კი ახალი კანონი საზოგადოებაში დამატებით უკმაყოფილებას აჩენს.
კანონპროექტის ყველაზე საკამათო ნაწილი იყო მუხლი, რომელიც მასში საერთოდ ვერ მოხვდა.
საუბარია დემობილიზაციაზე, ანუ იმ მებრძოლების უკან გამოხმობაზე, ვინც უკვე დიდი ხანია, ფრონტზეა.
სამაგიეროდ მეტი ჯარისკაცის მობილიზაციის მიზნით, გასული წლის 3 აპრილს უკრაინაში მამაკაცების გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე შეამცირეს. ამჟამად, უკრაინის არმიაში მებრძოლების საშუალო ასაკი 43 წელია, მაშინ როცა, ჟურნალ Time-ის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში უკრაინელი მეომრის საშუალო ასაკი ამაზე 10 წლით ნაკლები იყო.