უკრაინის პრემიერი: ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმება არ შეეხება აშშ-ის მიერ უკვე გაწეულ დახმარებას

1 day ago 3

ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაში, რომელიც უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფორმონ, მხარეები არ გაითვალისწინებენ ვაშინგტონის მიერ კიევისთვის ამ დოკუმენტის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა 27 აპრილს განაცხადა ვაშინგტონში, აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან შეხვედრის შემდეგ.

მომავალი შეთანხმება სასარგებლო წიაღისეულზე(ბუნებრივ რესურსებზე) შეთანხმების სახელითა ცნობილი.

დენის შმიჰალის ინფორმაციით, დოკუმენტზე იურისტები მუშაობენ და „კარგი პროგრესი“ აქვთ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანახმად, მთავარია, რომ მკაფიოდ განსაზღვრეს წითელი ხაზები - შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირისადმი უკრაინის ვალდებულებებს, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის კონსტიტუციას და კანონმდებლობას და აუცილებლად პარლამენტის მიერ უნდა იყოს რატიფიცირებული.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად 2025 წლის თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათ მიწათა ელემენტები.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ თავისი ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ უსაფრთხოების მყარი გარანტიები მოითხოვა.

უკრაინას და აშშ-ს 28 თებერვალს, ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის დროს უნდა მოეწერათ ხელი ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებისთვის.

თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის და, მეორე მხრივ, პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.

მარტში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ვაშინგტონმა კიევს შესთავაზა შეთანხმების ახალი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის რესურსებზე პრაქტიკულად სრულ კონტროლს და არ მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს. წყაროთა თანახმად, უკრაინამ ეს ვარიანტი უარყო. მას შემდეგ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

17 აპრილს უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ხელი მოწერეს მემორანდუმს, რომლითაც მხარეები ადასტურებენ ეკონომიკური პარტნიორობისა და უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შესახებ ოფიციალურად შეთანხმების განზრახვას.

სრულად წაკითხვა