განცხადება გაკეთდა 23 აპრილს დაგეგმილ შეხვედრებამდე რამდენიმე საათით ადრე. მათში მონაწილეობა უნდა მიეღო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰას.
„ვადასტურებთ, რომ გადაიდო უკრაინის დღევანდელი სამშვიდობო მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის“, - განუცხადეს რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (რთე/რთ) ბრიტანეთის საგარეო უწყებაში. - „მოლაპარაკებები ოფიციალურ დონეზე გაგრძელდება, თუმცა ისინი მედიისთვის დახურულია“.
ლონდონის მოლაპარაკებებიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გამოთიშვამ არსებითად დასწია შეხვედრების დონე და ჩრდილი მიაყენა მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევას.
„სკაი ნიუსის“ ცნობით, შეხვედრებს გამოეთიშა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამიც, თუმცა ამ გადაწყვეტილების მყისიერი დადასტურება არ გავრცელებულა.
მოგვიანებით დევიდ ლამიმ თავად გამოაქვეყნა ფოტო (ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰერლი, თავად დევიდ ლამი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი) და დაწერა X-ზე:
"ვმუშაობთ ეფექტიანად ამერიკელ, უკრაინელ და ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ომის დასასრულებლად და სამართლიანი და განგრძობადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მაღალჩინოსნებს შორის ლონდონში დღეს მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ღირებული შეხვედრა ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ კრიტიკულ მომენტში - ანდრიი სიბიჰასა და რუსტემ უმეროვთან, ჯონ ჰერლისთან ერთად".
„მგონი, ყველანი ერთნაირად აღვიქვამთ ამ ამბავს“ - განუცხადა რთე/რთ-ს ევროპელმა დიპლომატმა - „ეს არის აშშ-ის მორიგი ნაბიჯი პროცესიდან გასვლისკენ“.
„ამას ვუყურებ, როგორც დამატებით ზეწოლას უკრაინელებზე: ესაა, რაცაა. გინდა დათანხმდი, გინდა - არა“, - ეუბნება რთე/რთ-ს კიდევ ერთი ევროპელი დიპლომატი - „ჩვენ შენთვის არ გვცალია, სხვა საქმეები გვაქვს“.
დაგეგმილი შეხვედრის გადადების მიუხედავად, უკრაინის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწის - ანდრიი იერმაკის მონაწილეობით, მაინც ჩავიდა ლონდონში.
„ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის“ - წერს ანდრიი იერმაკი სოციალურ ქსელში - „მარტში ჯიდას შეხვედრაზევე და შემდეგ შეხვედრებზეც უკრაინამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ის არ არის წინაღობა მშვიდობისკენ გზაზე“.
გასულ კვირაში მარკო რუბიო, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლების პარიზში გამართული შეხვედრა ბევრის მიერ აღქმული იყო როგორც მცირე წინსვლა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოლაპარაკებების სტატუსის მიმართ მოუთმენლობის ნიშნად განაცხადა, რომ აშშ შესაძლოა სრულად გამოეთიშოს მოლაპარაკებების პროცესს. ინდოეთში მყოფმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მა რუსეთსა და უკრაინას შესთავაზა „ძალიან მკაფიო წინადადება“:
„დროა, მათ ან თანხმობა განაცხადონ ან აშშ გავიდეს პროცესიდან“, - განაცხადა ვენსმა.
მედია ავრცელებს ინფორმაციას აშშ-ის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმის დეტალებზე. მათ შორის Daily Telegraph-ი, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ეს გეგმა ყირიმის ანექსიის აღიარებისა და ნატოს წევრობაზე კიევის უარის გარდა, ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების სრულად მოხსნასაც.