სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად უკრაინის ხარკოვის ოლქის დაბა პეჩენიგიში. სარაკეტო დარტყმა 18 აგვისტოს დილით იყო.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა. მისივე ცნობით, დაზიანებულია 10 სახლი, კაფე, ფოსტა და მაღაზია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა პეჩენიგიში დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დარტყმა იყო ხალხმრავალ გზაჯვარედინზე, სადაც ფოსტა და მაღაზიებია, გარშემო კი მხოლოდ სახლები.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ტრაგედიის ყველა გარემოებას დაადგენენ და რუსეთის ამ დარტყმას აუცილებლად უპასუხებენ. ზელენსკიმ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლისკენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაბა პეჩენიგიზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.
საჯარო წყაროების თანახმად, ამ დაბაში მდებარეობს რამდენიმე საწარმო, მათ შორის ფინური კონცერნის, Macring Group-ის შემადგენლობაში მყოფი კომპანიის, „ფინპროფილის“ ქარხანა, რომელიც მეტალის გადამამუშავებელ და სხვა ტიპის დაზგებს აწარმოებს.
radiotavisupleba ახალი ამბები