უკრაინამ „სპექტაკლი“ უწოდა რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს და „ფარსი“ ამ არჩევნების ჩატარებას რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმსა და 2022 წლის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში.
- რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება.
- რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ არჩევნების ჩატარება ვადაზე ადრე, აგვისტოს ბოლოდან დაიწყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის ე.წ. არჩევნების ჩატარება „ოკუპანტი სახელმწიფოს ფარსია“, რომელსაც საერთო არაფერი აქვს დემოკრატიულ არჩევნებთან და არ ქმნის არანაირ იურიდიულ საფუძველს უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში რუსეთის იურისდიქციის გასავრცელებლად:
„რუსეთის მიერ ავტომატების ლულის ქვეშ ორგანიზებული ვერცერთი კენჭისყრა ვერ ცვლის ამ ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარებულ სტატუსს. დროებითი ოკუპაცია ოკუპანტი სახელმწიფოსთვის არ წარმოქმნის სუვერენულ უფლებებს“.
უკრაინა არ ცნობს უკანონო არჩევნებს და უცხოეთის სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, არ აღიარონ რუსეთის ეს ქმედებები და არ განიხილონ, როგორც ადამიანების კანონიერი პოლიტიკური ნების გამოვლენა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველას აფრთხილებს, რომ მსგავს უკანონო ქმედებებში მონაწილეობას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება.
უკრაინა ხაზს უსვამს, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ არჩეული წარმომადგენლების შეყვანა რუსეთის პარლამენტის შემადგენლობაში, დამატებით ართმევს ლეგიტიმურობას რუსეთის სახელმწიფო დუმის მთელ შემადგენლობას, ზოგადად, თანამედროვე რუსეთში კი ნებისმიერი არჩევნები მხოლოდ ფარსია, რადგან პუტინის მმართველობის გამო არ არსებობს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, პლურალიზმი და საბაზისო სამოქალაქო თავისუფლებათა პატივისცემა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას:
„რუსეთის სახელმწიფო დუმის ე.წ. არჩევნები მხოლოდ სპექტაკლია მოსახლეობის მიერ მოსკოვის რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის მხარდაჭერის ილუზიის შესაქმნელად“.
რუსეთში 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდება უკრაინის წინააღმდეგ ომის, რუსეთის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლის და რეპრესიების გაძლიერებისა და ოპონენტების კიდევ უფრო შეზღუდვის და ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კონკურენციის არარსებობის პირობებში.
- 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველია, რომელსაც რუსეთი ატარებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
- რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის წინა არჩევნები ომის დაწყებამდე, 2021 წლის სექტემბერში ჩატარდა და ოფიციალური შედეგებით, უმრავლესობა მოიპოვა პუტინის მხარდამჭერმა პარტიამ „ედინაია როსია".
ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დუმამ მიიღო უკრაინაში ანექსირებული ახალი ტერიტორიების დაკანონებასთან დაკავშირებული არაერთი დოკუმენტი და რუსეთის მოქალაქეების უფლებების კიდევ უფრო შემზღუდავი არაერთი კანონი.
მათ შორისაა ე.წ. ფეიკების კანონი, რომლის საფუძველზეც, თუ რუსული არმიის შესახებ გავრცელებული ცნობები ოფიციალურ ინფორმაციას არ ემთხვევა, გამავრცელებელი ჯარიმით ან პატიმრობით ისჯება.
radiotavisupleba ახალი ამბები