კითხვის დრო: 2 წთ.
მწერალი ნინო ხარატიშვილი უმაღლესი ჯილდოს მფლობელია. მას გერმანელი პოეტის ჰაინრიხ ჰაინეს პრემია გადაეცა:
„ჰაინრიხ ჰაინეს სულისკვეთებით, ნინო ხარატიშვილი უკომპრომისოდ იცავს ევროპულ იდეალებს, თავისუფლებას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, აფართოებს ეროვნულ და კულტურის საზღვრებს. საქართველოში დაბადებული ავტორი მთელი მსოფლიოსთვის ნათლად წარმოაჩენს პოსტსაბჭოთა სივრცეში დიქტატურის, რეპრესიებისა და ცენზურის გამოცდილებას. ნინო ხარატიშვილი გვახსენებს, რომ ადამიანის უფლებები და დემოკრატიული თავისუფლება არ არის მხოლოდ მოცემულობა, ის მუდმივად უნდა იყოს დაცული.“ – ნათქვამია ჟიურის განცხადებაში.
ჰაინრიხ ჰაინეს პრემია დიუსელდორფში დიდი გერმანელი პოეტის დაბადებიდან 175 წლისთავის აღსანიშნავად დაარსდა. ეს ჯილდო იმ ადამიანებს გადაეცემა, რომლებიც ხელს უწყობენ სოციალურ და პოლიტიკურ პროგრესს, ადამიანთა შორის ურთიერთგაგებას და იმ იდეის გავრცელებას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ეს თანასწორობა კაცობრიობის ამოსავალი წერტილია.
გერმანელი მწერლის პრემია სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ისეთ გამორჩეულ ავტორებს, როგორებიც არიან მაქს ფრიში, ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი, ვინფრიდ გეორგ ზებალდი, ელფრიდე იელინეკი, ამოს ოზი…
გართობა artinfo.ge