უმუშევრად დარჩენილი მაღაროელები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ - აქცია ტყიბულში

1 day ago 2

"რადიო თავისუფლების" ცნობით, 3 იანვარს ტყიბულის მერიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელზეც გააპროტესტეს „საქნახშირიდან“ თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტი. ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.

„38 ადამიანი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან პოლიტიკური მოსაზრებების გამო და სწორედ ამის გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ“, - ამბობს უფლებადამცველი ვახუშტი მენაბდე. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ის მაღაროელებიც, რომლებიც ამბობენ, რომ „საქნახშირიდან“ პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.

დღევანდელი აქციის მოთხოვნები იყო:

  1. აღადგინონ გათავისუფლებულები სამსახურში
  2. გათავისუფლდნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულები, რომლებსაც დემონსტრანტები, მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ
  3. დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„რამდენიმე ქალაქია საქართველოში, სადაც სიმდიდრეს, რომელიც კონკრეტულ რეგიონს გააჩნია, მართავს კომპანია, რომელიც ამ ძალაუფლებას იყენებს ბოროტად, შეზრდილია ხელისუფლებასთან და იყენებს ამას რეპრესიებისთვის, როგორც ტყიბულის მაგალითზე ვნახეთ“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

კომპანია „საქნახშირში“ აცხადებდნენ, რომ რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი სამი თვის წინ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდებოდა. მათივე განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ თითოეულ თანამშრომელს კომპანიისვე დაფინანსებული 3-4-თვიანი გადამზადება შესთავაზეს.

სრულად წაკითხვა