საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, “Amnesty International-მა” და “Article 19-მა” დაგმეს ჟურნალისტების დაკავება და მოუწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას, რეაგირება მოახდინონ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.
6 დეკემბერს, ტელეკომპანია “Meydan TV-ის” თანამშრომლები აინურ ელგიუნეში, აიტაჯ ტაპდიგი, ხაიალია აგაევა, აისელ უმუდოვა, ნატიგ ჯავადლი და ფრილანსერი ჟურნალისტი, რამინ დეკო (ჯაბრაილზადე) დააკავეს წინასწარი შეთქმულების გზით ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. მათ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საკუთარ პროფესიულ საქმიანობას დაუკავშირეს.
8 დეკემბერს სასამართლომ მათ ოთხი თვით პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა.
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია, “Amnesty International-მა” აზერბაიჯანში ჟურნალისტების დაკავებას სოციალურ ქსელში განცხადების გამოქვეყნებით გამოეხმაურა.
“აზერბაიჯანში “COP29-ის” დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, სულ მცირე ექვსი ჟურნალისტი დააკავეს დაკავებების ახალი ტალღის ფარგლებში. ჩვენ ვგმობთ უკანასკნელ დაპატიმრებებს და მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები. ჩვენ გვეშინოდა რეპრესიების “COP29-ის” შემდეგ და ახლა მოვუწოდებთ გაეროს კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოებს, რეაგირება მოახდინონ აზერბაიჯანში მიმდინარე დევნაზე, ქვეყანაზე, რომელიც ჯერ კიდევ არის “COP29-ის” თავმჯდომარე,” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტების ბოლოდროინდელი დაპატიმრებები, მათ შორის “Meydan TV-ის” თანამშრომლების, წარმოადგენს დარბევის ნაწილს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, ხოლო მიზანი დამოუკიდებელი კრიტიკული ხმების ჩახშობა იყო. ამან გამოიწვია “Abzas Media-ს”, “Toplum TV-ს, “Kanal 13-ისა” და სხვა გამოცემების ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების, ახლა კი “Meydan TV-ის” თანამშრომლების, ასევე აკადემიკოსებისა და აქტივისტების დაკავება.
აზერბაიჯანში ჟურნალისტების ახალი დაპატიმრებები დაგმო საერთაშორისო ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ “Article19-მა”.
“ბაქოში, კლიმატის სამიტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, დააკავეს მინიმუმ შვიდი ჟურნალისტი – მათი უმრავლესობა “Meydan TV-ან” არის. რეპრესიები არის ახალი შეხსენება იმისა, რომ აზერბაიჯანი არ მოითმენს კრიტიკას ან განსხვავებულობას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა პრესის თავისუფლების ზეწოლის საწინააღმდეგოდ,” – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.
12 დეკემბერს კავშირმა “აზერბაიჯანის პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის” პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა, სადაც მათი რაოდენობა 331-მდე გაიზარდა.