საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალმა იერარქმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა კვირა დღის ქადაგება გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე საქართველოში მიმდინარე პრო-ევროპული პროტესტის კრიტიკას დაუთმო.
სინოდის წევრის თქმით, „მშვიდობიანი აქციის დროს რომ ეცემათ“[დემონსტრანტები - რ.თ] ჩაერეოდა და დაიცავდა, მაგრამ მან იქ „ვერ ნახა ეს“ [მშვიდობა - რ.თ.].
ის სვამს კითხვას: „ბავშვი თუ ცუდად იქცევა და მოღალატედ იზრდება, ტაშს დავუკრავ?“.
„ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ, ნუთუ, გგონიათ, რომ ქუჩაში ვინმე ირბენს და რამეს დავუთმობთ? ბავშვი თუ ცუდად იქცევა და მოღალატედ იზრდება, ტაშს დავუკრავ? ამიტომ, დავფიქრდეთ, არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, რომ შიგნით რამე მოხდეს თორემ უცხოელებიც ვერ გიშველიან - მერე ჩვენ ჩავერევით, არ გემუქრებით, მაგრამ ვერ გააკეთებთ იმას, რაც გინდათ, სამარცხვინოდ დამთავრებას ჯობს, წესიერად ვიყოთ, შევიყვაროთ ჭეშმარიტება“, - ამბობს მთავარეპისკოპოსი.
ის უწყვეტ პროტესტს „უაზრო ბრძოლას“ უწოდებს, დემონსტრანტებს „ვნებას აყოლილებსა" და „დუჟმორებულს“, რომლებიც „უცხოელების პირით“ საუბრობენ.
„ქუჩაში რომ დარბიან, მინდა მათგან საღი აზრი მოვისმინო. ჩემთვის, არავითარი საღი აზრი არ არის. ვხედავ, რომ ვნება აქვთ, რომ ბოლომდე გაიტანონ თავისი. რა არის ბოლომდე გატანა? ორი რამის გარდა არაფერს ამბობენ: „ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“. შე დალოცვილო, პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო? ვნება რომ გაქვს, მაინცდამაინც ჩამოაგდო... დუჟმორეულებმა ხომ არ უნდა ვირბინოთ?! ხომ უნდა იყვნენ ადამიანები, რომ უცხოელების პირით არ მესაუბრონ?“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი აშშ-ს მიერ დამტკიცებულ „MEGOBARI აქტს“ „საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ“ მიღებულს უწოდებს და აქცენტს სუვერენიტეტსა და ჩაურევლობაზე აკეთებს, რაც აქციების კონტექსტში „ქართული ოცნების“ რიტორიკის იდენტურ გზავნილებად შეიძლება ჩაითვალოს.
„...მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც - როგორი საქართველო გინდათ? არის საქართველო და არის მეორე მხარე - ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია, ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია“, - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.
მთავარეპისკოპოსი იაკობი ერთ-ერთია სინოდის იმ წევრებიდან, რომლებიც ხშირად დადიან აშშ-ში. სულ ბოლოს გასული წლის სამ ოქტომბერს იყო და არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) აღმასრულებელ დირექტორთან, ქეთი ჩაჩავასთან ერთად შეხვდება სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენს.
CDD რამდენიმე წელია უზრუნველყოფს საქართველოდან სასულიერო პირების ვიზიტებს ვაშინგტონში, სადაც ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა კონფერენციასა და ღონისძიებაში. მისი ძირითადი მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED).
NED-ი არაერთხელ გამხდარა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის საგანი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებდა, რომ NED-ის პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს ხელისუფლებასთან ბრძოლაში უჭერს მხარს.