WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვისთვის კონკურსი გამოცხადდა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6.5 მილიონი ლარია. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ შესყიდვაში წინადადებების მიღება 4 ნოემბერს დაიწყება და 9 ნოემბერს დასრულდება.

გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინოს გაანგარიშება.

პრეტენდენტს, 2015 წლის 1 იანვრიდან, წინამდებარე კონკურსში წინადადებების მიღების დასრულებამდე პერიოდში:

  • მომზადებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 დეტალური პროექტი, არანაკლებ 5000 მ² ფართობის საზოგადოებრივი დანიშნულების შენობანაგებობის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ან რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის;
  • მომზადებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 დეტალური პროექტი, საზოგადოებრივი ფუნქციის მქონე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, უნდა მოხდეს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სრული რეაბილიტაცია.

უწყება ამბობს, რომ პროექტირების პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპიან სამუშაოებს:

  • უნდა შემუშავდეს ძეგლის დეტალური სარეაბილიტაციო პროექტი და მომზადდეს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
  • შეიქმნას შენობის ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის გზამკვლევი;
  • ასევე, პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საავტორო ზედამხედველობა.

ფილარმონიის რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია: შენობის სასცენო დანადგარების კონსტრუქციის ექსპერტიზა და ადაპტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან; არსებული კომუნიკაციების დემონტაჟი და ჩანაცვლება მსუბუქი, ენერგოეფექტური სისტემებით; შენობის გეგმარების შეცვლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის არტისტების ოთახების განახლება, ლიფტების მოდერნიზაცია და უსაფრთხოების სისტემების დანერგვა.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, დაგეგმილია ფილარმონიის სრული ადაპტაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის; შენობის ფასადის, სახურავის, სხვენის და სცენის კონსტრუქციული გამაგრება და რესტავრაცია; აკუსტიკური სისტემების მოწყობა და დარბაზის ფუნქციური გაუმჯობესება; დეკორაციების ოთახისა და ტექნიკური სივრცეების მოდერნიზაცია; წყალმომარაგების, წყალარინების, გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემების სრული განახლება.