ქართველმა მოცეკვავეებმა იტალიაში გინესის შოუში მიიღეს მონაწილეობა და რეკორდი დაამყარეს.
დავით ფოცხიშვილი, ქორეოგრაფი:
“სიზმარი არ გეგონოთ და არც ბოდვა! ეს არის გინესის შოუ და ოფიციალურად დამყარებული რეკორდი!
გუშინ ამაზე სიუჟეტი გაუშვა მილანის ტელევიზიამ — MEDIASET 5-მა. მალე ის ოფიციალურად გამოჩნდება გინესის ვებგვერდზე და აუცილებლად გავაზიარებთ!
ეს იყო დღე, რომელიც ნამდვილად დარჩება ისტორიაში — დაუვიწყარი წუთები!
მჯერა, ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი წარმატებაა და რაც მთავარია — ფოცხიშვილების დინასტია აქ არ გაჩერდება. ნამდვილად არა!
გინესის წიგნში მოხვედრა ნამდვილი საოცრებაა! არასდროს წარმომედგინა, რომ ჩვენი გვარი — ფოცხიშვილი — იქ ჩაიწერებოდა.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს დასს — თითოეულ წევრს…
ამ დღისთვის დიდხანს ვემზადებოდით — და აი, შედეგიც!
ხშირად გვეკითხებიან: “რა გააკეთეთ ასეთი განსაკუთრებული?”
ჩვენმა სამმა სოლისტმა 30 წამში 22 ბრუნი შეასრულა მუხლებზე დაცემით — თანაც აბსოლუტურად სინქრონულად!
რეპეტიციაზე კი 28 ბრუნიც მოახერხეს იგივე დროში!
მოკლედ — ჩვენ ეს შევძელით!
და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მარტივია — გელით სცადოთ და გააუმჯობესოთ ჩვენი რეკორდი!
ეს დღე არასოდეს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან. დიდება უფალს!”