ფსონები რომის ახალ პაპზე: აჟიოტაჟი საბუკმეკერო კანტორებში

8 hours ago 2

ჯერ უცნობია თარიღი, როდესაც კარდინალთა კოლეგია პაპი ფრანცისკეს მემკვიდრის ასარჩევად შეიკრიბება, თუმცა ბუკმეკერები და კრიპტოინვესტორები უკვე გაფაციცებით ცდილობენ იმის გამოცნობას, თუ ვინ იქნება შემდეგი პონტიფიკოსი.

FairPlay Sports Media-მ, რომელიც სპორტულi ფსონების ინდუსტრიაში საქმიანობს, სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ „2025 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ფსონი იმის შესახებ, თუ ვინ ჩაანაცვლებს პაპ ფრანცისკეს“, რომელიც ორშაბათს, 21 აპრილს გარდაიცვალა. FairPlay Sports Media-ს ცნობით, შემდეგი პაპის ვინაობის პროგნოზი 30 ყველაზე მიმზიდველ ფსონს შორისაა და პოპულარობით ინგლისის ასოციაციის თასზე დადებულ ფსონებსაც კი გადაასწრო. როგორც ირკვევა, ბუკმეკერების სიაში ლიდერობს ვატიკანის მთავარი დიპლომატი, იტალიელი კარდინალი პიეტრო პაროლინი, რომელიც ფრანცისკეს პაპობისას, დიდი ხნის განმავლობაში თავისი გავლენით მეორე პირი იყო.

ბრიტანულმა საბუკმეიკერო კანტორა „უილიამ ჰილმა“ პაროლინის შანსები შეაფასა კოეფიციენტით 9/4, რაც უსაფრთხო ფსონად მიიჩნევა. მას ფეხდაფეხ მისდევს ქარიზმატული, ზომიერი კარდინალი, ფილიპინელი ლუის ანტონიო ტაგლე, რომელიც შეიძლება პირველი აზიელი პაპი გახდეს. მასზე დასადები ფსონის კოეფიციენტი 3/1-ზეა. მესამე და მეოთხე ადგილებს შორის მერყეობს ბოლონიის არქიეპისკოპოსის, უკრაინის საკითხებში ბოლო პაპის სპეციალური სამშვიდობო დესპანის, მატეო ზუპის კანდიდატურა. ვებსაიტ Oddschecker-ს, რომელზეც ონლაინ ფსონები ერთმანეთთან დარდება, აქვს განყოფილება, სახელწოდებით, „მომდევნო პაპი“. FairPlay Sports Media-ს მტკიცებით, ეს განყოფილება უკვე 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მოინახულა. მიუხედავად იმისა, რომ ბუკმეკერებმა ადრეული ფავორიტები გამოკვეთეს, პაპის საიდუმლო კონკლავის შედეგი მაინც არაპროგნოზირებადია.

„არასანდო“

ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ მინიმუმ 15 და არაუმეტეს 20 დღისა, 135 კარდინალი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს კონკლავში, რათა თავიანთი რიგებიდან პაპის მემკვიდრე აირჩიოს. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური ეკლესია უარყოფითად აფასებს ფსონებით გამოწვეულ აჟიოტაჟს, შედეგზე სანაძლეოების დადება საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა. „ის, რაც ოდესღაც რენესანსის ეპოქის რომაელი ბანკირებისა და კარისკაცების საქმიანობის სფერო იყო, დღეს მრავალმილიონიან გლობალურ ბაზრად გადაიქცა, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერით ან კრიპტოსაფულეზე შეხებით ხელმისაწვდომი ხდება“, – ამბობს ნოტინგემის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის და ფინანსების პროფესორი ლეიტონ ვოგან-უილიამსი. „ფრანს პრესს“ მან ასევე განუცხადა, რომ წინა, 2005 და 2013 წლების კონკლავების პერიოდთან შედარებით, „პაპზე ფსონების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა“.

„თუმცა კონკლავის საბოლოო შედეგის გამოცნობაში ფსონების სიზუსტე სანდოობით არ გამოირჩევა“, – გაფრთხილებით გამოდის პროფესორი, რომელმაც 2015 წლის კვლევაში კონკლავის გადაწყვეტილებებზე 500 წლის განმავლობაში გაკეთებული ფსონების შედეგები ასახა. პაპობამდე ხორხე მარიო ბერგოლიო, პაპობისას კი ფრანცისკე, 2013 წელს ფავორიტად არ მიიჩნეოდა და ბუკმეკერების სიებში მხოლოდ მე-40 ადგილზე იყო. სანამ ვატიკანის ექსპერტები და ანალიტიკოსები შესაძლო ფავორიტებზე მსჯელობენ, კარდინალები, რომლებიც კონკლავში შედიან, განკვეთის შიშით, საიდუმლოს შენახვაზე არიან ორიენტირებულნი. „ამიტომ, სანდო ინფორმაციის არარსებობის პირობებში, სათამაშო ინდუსტრიის ბაზარი, ძირითადად, სპეკულაციებზე, მედიის ნარატივებსა და მიკერძოებულ მოსაზრებებზე რეაგირებს“, – აცხადებს ვოგან-უილიამსი.

სოციალური მედია და კრიპტობაზარი

ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა 2024 წლის „ოსკარის“ მფლობელი ფილმის, „კონკლავის“ გამოსვლის შემდეგ, რომელშიც დრამატულად არის ნაჩვენები დახურულ კარს მიღმა პონტიფიკოსის არჩევის პროცესი. ამ ფილმის ერთ-ერთი სცენის მიხედვით, რომელიც ფართოდ გავრცელდა „იქს“ (ყოფილი „ტვიტერი“) პლატფორმაზე, პაპის სავარაუდო მემკვიდრეები მათი იდეოლოგიური შეხედულებების მიხედვით არიან დაყოფილნი, მაყურებელს კი ეს გამოგონილი გმირები რეალობაში გადმოჰყავს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სოციალური მედიის ზოგიერთი მომხმარებელი ფსონს ტაგლეზე დებს, მისი ზომიერი შეხედულებებისა და ლგბტქ პირების მიმართ ტოლერანტობის გამო. სოციალური მედიის კიდევ ერთი ფავორიტია კარდინალი პიტერ ტურკსონი განადან, რომელიც შეიძლება პირველი შავკანიანი პაპი გახდეს.

ვოგან-უილიამსის თქმით, „პაპის პერსონის მიმართ უდიდესი ინტერესი განაპირობებს ფსონების არნახულ ზრდას, რომელსაც კიდევ უფრო აძლიერებს მედიასაშუალებებში ამ საკითხის ფართოდ გაშუქება და თავად პაპობის ინტიტუტის პოპულარობა“. საბუკმეკერო კანტორების გარდა, ფსონების ფართო არჩევანია ისეთ კრიპტოსავალუტო ვებსაიტზე, როგორიცაა „პოლიმარკეტი“. ამ ამერიკულ ონალინ პლატფორმაზე, რომელიც აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, უკვე მიიღო 5,5 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ფსონი იმაზე, თუ ვინ გახდება შემდეგი პაპი. ვოგან-უილიამსის შეფასებით, ისეთი პლატფორმები, როგორიცაა „პოლიმარკეტი“, წარმოადგენენ „მნიშვნელოვან სიახლეს“, მეტი ფსონების მოზიდვისა და „გაურკვეველ რეგულაციურ გარემოში ზუსტი ნავიგაციის“ კუთხით.

კარდინალ პაროლინის პაპად არჩევის ალბათობა „პოლიმარკეტმა“ 28 პროცენტით შეაფასა, საიტის კომენტარების გრაფა კი ფავორიტების შანსებსა და კომპეტენციაზე მსჯელობით არის გადავსებული. „შემდეგი პაპი რელიგიურად უფრო კონსერვატიული იქნება, მაგრამ არც პროგრესულ სოციალურ იდეებზე იტყვის უარს“, – მიიჩნევს ერთი მომხმარებელი. „პაპად ტაგლე უნდა აირჩიონ“, – გაცილებით კატეგორიულია მეორე.

afp.com

ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების ახალი ამბები, ნათარგმნი ხელოვნური ინტელექტის მიერ

სრულად წაკითხვა