მწერალმა ჯემალ ქარჩხაძემ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაუსვა ზუსტი დიაგნოზი ქართველებს, როცა თავის ნაწარმოებში “ანტონიო და დავითი” დაწერა:
“გაუტანლები და დაუნდობლები გავხდით, ძმა არ ვიცით და ნათესავი. ყოველი კაცი იმას ფიქრობს, ოღონდ მე გადავრჩე და თუნდ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო, იმას ვეღარ ვხვდებით, რომ მოყვასმა თუ მოყვასი გაწირა, მალე მართლა ქვა ქვაზე აღარ დარჩება. შიშმა გონება დაგვიბნელა, სიძულვილმა სისხლი გაგვიცივა, მშველელი არსაიდან ჩანს, ევროპა შორსაა და ჩვენთვის არა სცალია, ყველა თავისთვის ცდილობს და თავის სარგებელს ეძებს, ჩვენ კი აღარ შეგვიძლია, საკუთარ თავში იმედს და ღონეს ვეღარ ვპოულობთ. ამოვწყდებით. მალე ჩვენი სახსენებელი აღარ იქნება. მაგრამ ვის შევჩივლოთ ჩვენი უბედურება და ვის შევავედროთ თავი, როცა ყველაფერი, რაც ჩვენ თავს ტრიალებს, ჩვენი ბრალია! გაერთიანება რომ შეგვეძლოს, საქართველო არც ისე, პატარა და უძლური ქვეყანაა, მაგრამ რა გაგვაერთიანებს! მტრებისაგან წაქეზებულები და გაბრიყვებულები ერთმანეთს ვჭამთ…”