ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით „ღამის სერენადები“ წარმატებით ჩატარდა მასიმილიანო დ’ანტუონო: „იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ქართველი მაყურებელი კიდევ არაერთი დაუვიწყარი კონცერტის მომსწრე გახდება“

1 day ago 3

ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით „ღამის სერენადები“ წარმატებით ჩატარდა„სარკე

წელს, აგვისტო-ოქტომბერში, საქართველოში ტრადიციულად ჩატარდა გენიალური ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით არის გამორჩეული. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სიიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოში იტალიის საელჩოს  მხარდაჭერით გაიმართა.

„ღამის სერენადების” ფარგლებში, საერთო ჯამში, ექვსი კონცერტი ჩატარდა სამ ქალაქში _ ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. ფესტივალი 20 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა. 22, 24 და 26 აგვისტოს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაგრძელდა. კონცერტებში მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები: მარიო სტეფანო პიეტროდარკი _ ბანდონეონი, იტალია; ნელო სალცა _ საყვრი, იტალია; ანდრეს გაბეტა _ ვიოლინო, საფრანგეთი; მორის შტეგერი _ ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; თამარ ლიჩელი _ ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი შიოლაშვილი _ ფორტეპიანო, საქართველო; სოფო ხალვაში _  ვოკალი, საქართველო. 9 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ფესტივალის საბაზო ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზებმა“ იტალიელი დირიჟორის ბეატრიჩე ვენეცის, პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძისა (საქართველო) და სოლისტი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძის (თურქეთი) მონაწილეობით გამართა კონცერტი.

11 ოქტომბერს „ღამის სერენადების“ დასკვნით კონცერტს თბილისის გრიბოედოვის თეატრმა უმასპინძლა. ფესტივალის ორგანიზატორებს „სარკე“ ესაუბრა.

გიორგი ისაკაძე, „ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი:

_ დასრულდა წლევანდელი ფესტივალი „ღამის სერენადები”. მდიდარი ატმოსფერული პროგრამით წარვდექით მაყურებლის წინაშე საქართველოს სამ ქალაქში _ ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. ბედნიერი ვარ, რომ დიდი მოწონება დაიმსახურა და რეზონანსი გამოიწვია თითოეულმა კონცერტმა. საქართველოში კლასიკურ მუსიკას გამორჩეული ადგილი უჭირავს. მაღალ დონეზეა მუსიკალური კულტურა და სწორად აფასებს მსმენელი. უბედნიერესი ვარ, რომ ასე წარმატებით დაგვირგვინდა წლევანდელი „ღამის სერენადები”.

ნინა ცაგარელი, „ღამის სერენადების” დირექტორი:

_ წლევანდელმა ფესტივალმა ბორჯომის, ბათუმისა და თბილისის კონცერტების სერია გააერთიანა. საერთო ჯამში, გაიმართა ექვსი კონცერტი, ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისათვის.

მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის უდიდესი გამოცდილებაა, ამიტომ ჩვენი მოწვეული სტუმრები ყოველთვის ატარებენ მასტერკლასებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ მათ. მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს, სიიპ „შემოქმედებით საქართველოს“, აჭარის კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში. მადლობა ჩვენს მსმენელს და ჩემს გუნდს, რომელიც დაუღალავად შრომობს მთელი ფესტივალის განმავლობაში.

მაკა ნასრაშვილი, ქალაქ თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი:

_ ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადების” დასკვნით საღამოს გრიბოედოვის თეატრმა უმასპინძლა საოცარი პროექტით „ასტორ”.  ბალეტო დი რომამ და მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ გენიალური ასტორ პიაცოლას 100 წლის იუბილეს არაჩვეულებრივი საღამო მიუძღვნეს.

თბილისის მერია წლებია, მხარში უდგას ფესტივალს და ხელს უწყობს ვარსკვლავების ჩამოყვანას, არტისტების გაცვლას და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო კარგად წარმოჩენას მსოფლიოს კულტურულ რუკაზე. მადლობა ორგანიზატორებს ფესტივალის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, მადლობა მონაწილეებს საოცარი შესრულებისთვის. თბილისის მერია „ღამის სერენადების” მხარდამჭერი მომავალშიც იქნება.

მასიმილიანო დ’ანტუონო, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

_ ფესტივალის ბოლო დღეს დავესწარით სპექტაკლს, რომელიც საქართველოში პირველად წარმოადგინა საბალეტო დასმა _ ბალეტო დი რომამ და მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ. წლევანდელ ფესტივალზე ოთხი საღამო ჩატარდა იტალიელი ხელოვანების მონაწილეობით. ჩვენი საელჩო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოსა და იტალიის კულტურული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ეს ურთიერთობები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და ქართველი მაყურებელი არაერთი დაუვიწყარი კონცერტის მომსწრე გახდება.

მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ბანდონეონისტი:

_ უდიდესი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა ფესტივალის დახურვა. საქართველო ძალიან მიყვარს. აქ რომ ჩამოვდივარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. „ღამის სერენადების” დახურვაზე ავაჟღერეთ ასტორ პიაცოლას უკვდავი მუსიკა. იმედი მაქვს, რომ მაყურებელი შეიყვარებს ჩვენს პროექტს „ასტორ”, რომელიც მუსიკისა და ქორეოგრაფიის  საოცარი ნაზავია.

ვალერიო ლონგო, ბალეტო დი რომას ქორეოგრაფი:

_ ბედნიერები ვართ საქართველოში სტუმრობით. არაჩვეულებრივი საღამო ვაჩუქეთ საქართველოს. ბალეტო დი რომამ ჩამოიტანა პროექტი „ასტორ” _ ასტორ პიაცოლას საოცარ მუსიკაზე შექმნილი სპექტაკლი. ამ სპექტაკლში წარმოდგენილია არა მარტო თანამედროვე ქორეოგრაფია, არამედ ჩვენი უძველესი ტრადიციებიც. შესანიშნავ ქალაქს ვესტუმრეთ, არაჩვეულებრივი მაყურებელია, ხანგრძლივი ოვაციებით დაგვაჯილდოვეს.

გვიხარია, რომ იტალიის საელჩო ხელს უწყობს საქართველოში იტალიური კულტურის პოპულარიზაციას. იმედი გვაქვს, რომ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ქართველ მაყურებელს. უდიდესი პატივია ფესტივალთან თანამშრომლობა. მადლობა ორგანიზატორებს მოწვევისთვის.

ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით „ღამის სერენადები“ წარმატებით ჩატარდა

ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით „ღამის სერენადები“ წარმატებით ჩატარდა

სრულად წაკითხვა