ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მდინარე ენგურის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის დამრღვევებს ავლენენ და აკავებენ.
უწყების ხელმძღვანელმა დმიტრი დბარმა ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში გამშვები პუნქტების მუშაობა განიხილეს.
დე ფაქტო უწყების ცნობით, დაკავებულები უსაფრთხოების სამსახურის რაიონულ განყოფილებაში გადაჰყავთ, სადაც მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს „კანონმდებლობით დადგენილი წესით“ წყვეტენ. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რამდენი ადამიანი დააკავეს ენგურის მონაკვეთზე საანგარიშო პერიოდში.
თუმცა, სოხუმის 2026 წლის პირველ ექვსი თვის სტატისტიკით, მდინარე ენგურის მონაკვეთზე ე.წ. საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა 130-ზე მეტ ადამიანს დაეკისრა. ასევე აღიძრა ოთხი სისხლის სამართლის საქმე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის.
ამავე შეხვედრაზე დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა რუსტამ ლატიპოვმა განაცხადა, რომ 2026 წლის ცხრა თვეში აფხაზეთ-საქართველოს ე.წ. საზღვარზე, გამშვები პუნქტების მიმართულებით, მოქალაქეების 965 423 გადაკვეთა და 52 780 სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება დაფიქსირდა.
netgazeti