
ქართული „ქავერ შოუს“ ფინალისტი თეონა დოლნიკოვა ახლა ფრანგული „ვოისის“ სცენაზეა.
40 წლის მომღერალს ქართული, უკრაინული, რუსული და ბერძნული ფესვები აქვს (თეონას დედა ქართველია, მამა – უკრაინელი). იგი მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა და რუსეთში მსახიობისა და მომღერლის წარმატებული კარიერა ჰქონდა, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად.
ქართველმა მსმენელმა მომღერალი „ქავერ შოუდან“ გაიცნო. თეონამ პირველივე ნამღერით „აჰ, ტურფავ, ტურფავ“ მოხიბლა ჟიურიც და მსმენელიც.
ფრანგულ „ვოისში“ თეონა დოლნიკოვა ათიათასობით მსურველს შორის შეარჩიეს. პირველ ტურში, ბრმა კასტინგზე თეონამ ბიონსეს Halo იმღერა და ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან ოთხივე მენტორი შემოაბრუნა. მენტორები კი საქვეყნოდ ცნობილი მომღერლები არიან: პატრიცია კაასი, ზაზი, ვიანი და ფლორან პანი არიან. თეონამ თავის მენტორად ლეგენდარული პატრიცია კაასი აირჩია.
მისი ნიჭით მოხიბლული ფრანგები ქართველ მომღერალს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მას უკვე შესთავაზეს გრანდიოზულ შოუში მონაწილეობა, რომელიც ჯერ საფრანგეთში და მერე ევროპაში უჩვენებენ.
ახლა მომღერალი დუეტების ეპიზოდისთვის ემზადება – წინ ნახევარფინალი და ფინალია.
მანანა ბანძელაძე