ქართული ოცნება გამოდის “დიფ სთეითისა”და „გლობალური ომის პარტიის” წინააღმდეგ, განავრცობს კონსპირაციულ თეორიებს

2 weeks ago 7

მმართველმა პარტიამ გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნების მიერ ქართველი ოფიციალური პირებისა და პოლიტიკოსების მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები. ეს გადაწყვეტილებები მან “ანტიქართულ ნაბიჯებად” შეაფასა და მათ “გლობალური ომის პარტიის” და “დიფ სთეითის“ ქსელების მიერ ორგანიზებული უწოდა. ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს მიერ 2025 წლის 8 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: “აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ.”

დიფ სთეითიდა „გლობალური ომის პარტია “

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ რაც უფრო ძლიერია “დიფ სთეითის” გავლენა, მით უფრო “ანტიქართულია” შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ. განცხადებაში ნათქვამია, რომ „უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს.”

განცხადებაში ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ: “თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. „ან იომებ ან დაგსჯით” – ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს.” განცხადების თანახმად “გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა.”

სანქციები

განცხადებაში “ქართული ოცნება” ეხმაურება პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს წინააღმდეგ დაწესებულ დასავლური სანქციების. ტექსტში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა “სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით” ჩაანაცვლა და საქართველოს ეკონომიკა “28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე” გაზარდა. რაც შეეხება გომელაურს, მისი და „გმირი პოლიციელების“ წინააღმდეგ სანქციები იმ მიზეზით დაწესდა, რომ “ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს.”

ომი უკრაინაში

მმართველი პარტია აფრთხილებს საქართველოს “უკრაინული სცენარის” საფრთხეზე და აცხადებს, რომ “ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს.”  პარტია ამტკიცებს, რომ  “დიფ სთეითის” ქსელმა მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ომის ალში გახვია, ხოლო მისი ყველაზე მძიმე შედეგები “მეგობარ ქვეყანაზე – უკრაინაზე აისახა.”

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა

„ქართული ოცნება”, შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს “დიფ სთეითის” დაშლის მცდელობებისთვის აქებს. ტექსტში აღნიშნულია, რომ “პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს.”

ევროკავშირის წევრობა

პარტია აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობა მხოლოდ 2030 წლის შემდეგ განიხილება, როცა “ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.”

ჯო ვილსონის მიმართ ბრალდებები

განცხადებაში „ქართულმა ოცნებამ“ ბრალდებები წაუყენა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, კონგრესმენ ჯო უილსონს და იგი მოიხსენია “დიფ სთეითის” ნაწილად. ქართულმა ოცნებამ დაადანაშაულა უილსიონი საქართველოს სუვერენიტეტისთვის დამაზიანებელ ქმედებებში. მმართველი პარტიის მტკიცებით, უილსონის მიერ მხარდაჭერილი „მეგობარი აქტი,“ სინამდვილეში „მტრული აქტია,” რომელიც საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა დააფინანსა.  

„ქართული ოცნების“ თქმით, კეზერაშვილი „ევროპელი პენსიონერების მძარცველია“ და სწორედ მის მიერ მითვისებული თანხები გამოიყენებოდა უილსონის ინიციატივების დასაფინანსებლად და „საქართველოს სანქციებით შანტაჟისთვის“. განცხადებაში ნათქვამია: “უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.”

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში – ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი”, ნათქვამია განცხადების დასკვნაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა