„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაამტკიცა

4 hours ago 2

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაამტკიცა. მას მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა - კენჭისყრაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.

21-წევრიან საბჭოში, „ქართულ ოცნებას“ 13 დეპუტატი ჰყავს, ოპოზიციიდან დარჩენილია - ორი („გახარია - საქართველოსთვის“), ექვსმა ოპოზიციონერმა მანდატებზე უარი თქვა. ოპოზიცია არ ცნობს 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციას.

„სხდომაზე, ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. კენჭისყრამდე, კანდიდატებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები“, - წერია აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

სულხან თამაზაშვილის წინამორბედმა, თორნიკე რიჟვაძემ 4 აპრილს „ფეისბუკში“ მოულოდნელად დაწერა თანამდებობის დატოვების შესახებ. მისი თქმით, სიახლის დრო იყო და რომ რჩებოდა „ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცად.

მის შემცვლელად „ქართულმა ოცნებამ“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროს სულხან თამაზაშვილი შეარჩია. თამაზაშვილს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა სანქციები შსს-ის სხვა მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, მინისტრთან და სპეცრაზმის ხელმძღვანელებთან ერთად.

სრულად წაკითხვა