ქეთი ფარცხალაძე: “გალობის უნივერსიტეტმა” კონტრაქტი არ გამიგრძელა პოლიტიკური პოზიციების გამო

14 hours ago 3

ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე ამბობს, რომ გალობის უნივერსიტეტის დატოვება უწევს პოლიტიკური შეხედულებების გამო. ის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე სექტემბრიდან მუშაობდა.

“ქვეყანაში საპროტესტო ტალღის დაწყებამდე, ჩემი მუშაობა განსაკუთრებულად მოსწონდათ. მეუბნებოდნენ, რომ უნივერსიტეტს დაეტყო პროფესიონალის ხელი. ყოველ შეხვედრაზე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა. მე და ქ-ნმა ნანამ დავსახეთ შემდეგი წლის სტრატეგიული გეგმაც.

ნოემბრის ბოლოდან დავდიოდი აქციებზე და ჩემს ფბ კედელზე პოზიციას გამოვხატავდი – ჟურნალისტებისა და არამარტო მათ ცემაზე, სამართალდამცველების უმოქმედობაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩემი ეს პოზიცია, არანაირად არ შესულა უნივერსიტეტში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელთანვე შევათანხმე ისიც, რომ გარკვეული პერიოდი თავი შეგვეკავებინა უნივერსიტეტის სოცქსელებში პოსტებით აქტიურობისგან, რაზეც დამთანხმდა.

ამ პერიოდში, მეგობარმა მირჩია, არ გამომეხატა აზრი საჯაროდ, რადგან ეს ქ-ნ ნანას არ მოსწონდა. არ დავუჯერე, უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნიე თუნდაც ერთით მეტ ადამიანს ეთქვა, რომ ის რაც ხდება, მიუღებელია. ამ პერიოდში ვიგრძენი, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამოკიდებულება ჩემს მიმართ გაცივდა. 25 დეკემბერს კი მივიღე წერილი, რომ იანვრიდან ხელშეკრულებას აღარ მიგრძელებენ. მიზეზი რომ ვიკითხე, ბიუჯეტში თანხების დეფიციტიო.

გავოგნდი.

შეგახსენებთ, ჩვენ სამომავლო გეგმებიც განხილული გვქონდა. გაგეფრთხილებინეთ მაინც-მეთქი და გაგაფრთხილეს ისე, როგორც კანონში წერიაო. ალბათ კანონი არ ითვალისწინებს წინასწარ ცნობას, მაგრამ ადამიანური ფაქტორი სადაა, ხვალიდან რომ უმუშევარს მტოვებ, მომამზადე მაინც. რა უბედურებაში ვცხოვრობთ?! ჩემამდე რატომ უნდა მოდიოდეს პარტიის ხელი. პარტიის მიმართ ლოიალობას ასე რატომ უნდა გამოხატავდეს ვინმე, თან მის უკან ხომ ამჯერად უნივერსიტეტის სახელი დგას?!”, – წერს ფარცხალაძე სოციალურ ქსელში.

“ნეტგაზეთი” ცდილობს დაუკავშირდეს ნანა გოთუას, თუმცა ის ჩვენს ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობს.

ნანა გოთუა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ცოლია. გალობის უნივერსიტეტს სწორედ ჩხარტიშვილი აფინანსებს. ჩხარტიშვილია მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც. საბჭოს წევრია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

უნივერსიტეტის უმაღლესი მმართველი ორგანო, საერთო კრება ორი წევრისგან შედგება – ნანა გოთუა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე.

ქეთი ფარცხალაძემ გასულ წელს დატოვა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედი”. ის “იმედის კვირაში” კულტურის საკითხებს აშუქებდა. თუმცა, როგორც ტელევიზიიდან წამოსვლისას განაცხადა, დაავალეს პოლიტიკური თემების გაშუქებაც, რაზეც უარი თქვა.

“მე არ მინდა ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა, ამ გუნდის მხარდამჭერიც რომ ვიყო, როგორც მოქალაქე. ახალს არაფერს ვამბობ, არხს გაცხადებული აქვს სარედაქციო პოლიტიკა”, – თქვა მაშინ ფარცხალაძემ.

2023 წლის მარტში, მმართველი გუნდის მიერ „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის მიღების მცდელობისას, ფარცხალაძე იყო ერთ-ერთი „იმედის“ იმ ჟურნალისტებს შორის, ვინც გააკრიტიკა ეს კანონპროექტი

სრულად წაკითხვა