პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე პოლიტიკოსებმა იმსჯელეს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადისთვის დაწესებული 40 000 ლარიანი ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„ვამუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში ფიზიკურ პირებთან მიმართებით, დღეს არსებული ზღვარი რაც არის, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. ამის მეტს ვერაფერს გეტყვი“, - თქვა ირაკლი კირცხალიამ.
მოქმედი საგადასახადო კოდექსით, ყველა ის ადამიანი, რომელის (გასული) წლიური შემოსავალი (დარიცხული) აღემატება 40 000 ლარს, ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასახადი.
ის ვალდებულია, დარეგისტრირდეს შემოსავლების სამინისტროს ვებსაიტზე, მიუთითოს შემოსავლის ოდენობა და ქონების საბაზრო ღირებულება. სისტემა ყოველწლიურად გადასახდელი თანხის ოდენობას ავტომატურად თვლის.
ვის ეკუთვნის დეკლარაციის შევსება?
მოქმედი კანონმდებლობით, თუკი გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი ანაზღაურება 40 000 ლარზე მეტი იყო, ვალდებული ხართ შეავსოთ დეკლარაცია. აუცილებელია, ქონებრივი დეკლარაცია შეივსოს მაშინაც, თუკი ოჯახის შემოსავალი აჭარბებს ამ თანხას.
იგივე წესი ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე.
რას ნიშნავს 40 000 ლარიანი ხელფასი?
თუ თქვენ „ხელზე“ 40 000 ლარზე ნაკლები აიღეთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ხართ ვალდებული დეკლარაცია შეავსოთ. შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც დამსაქმებელი გიხდით თქვენ და რიცხავს ბიუჯეტში (20%) და საპენსიო შენატანის სახით (2%).
თქვენ გეკუთვნით საშემოსავლო გადასახადის გადახდა, თუკი „ხელზე“ ყოველთვიურად 2600 ლარს ან მეტს იღებთ.
სად ვნახო შემოსავლები?
თქვენი ხელფასი ყველა გადასახადის ჩათვლით ჩანს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (rs.ge): მენიუდან უნდა გადახვიდეთ „ზოგად ინფორმაციაში“, შემდეგ კი ნახოთ „პირადი შემოსავალი“.
როგორ უნდა მიხვდეთ, „საოჯახო“ დეკლარაცია უნდა შეავსოთ თუ „ინდივიდუალური“?
„საოჯახო“ დეკლარაციის შევსების შემთხვევაში იზოგება დრო, თუმცა „ინდივიდუალური“ დეკლარაციის შევსება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომლის ხელფასიც (გადასახადების ჩათვლით) აღემატება 40 000 ლარს.
ვინ ითვლება ოჯახის წევრად?
ნებისმიერ ადამიანი, რომელთან ერთადაც ცხოვრობთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს შეიძლება სულაც არ იყოს დედა, მამა, და ან ძმა. შესაძლოა იყოს დეიდაშვილი, სიძე ან მეგობარი.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი ქონება თანასაკუთრებაა?
უნდა მიუთითოთ მხოლოდ ის წილი, რომელიც საჯარო რეესტრის მიხედვით თქვენ გეკუთვნით.
radiotavisupleba ახალი ამბები