კახეთში, სასტუმრო “აგარანის მამულში” მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ეს მის საბოლოო გამართლებას არ ნიშნავს. ის იმას ნიშნავს, რომ ის სასამართლო პროცესებს თავისუფალი დაესწრება.
რადიო თავისუფლების ცნობით, ჭიღლაძემ პროცესზე თქვა რომ ნანობს რაც გააკეთა და არ სურდა ეს ყველაფერი ასე დასრულებულიყო.
ადვოკატის, ლაშა კაპანაძის თანახმად, ჭიღლაძე მადლობას უხდის ქართულ საზოგადოებას, რომელიც მას გვერდით დაუდგა და ჟურნალისტებს, რომლებმაც ეს ამბავი გააშუქეს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმონ, რადგან ბრალდებული ფაქტს აღიარებს.
ადვოკატის ცნობით, სასტუმრომ, სადაც ინციდენტი მოხდა, გამოთქვა მზაობა თავად გადაიხადოს გირაოს თანხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქორწილში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე). დაკავებულია სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე.
შსს წერს, რომ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.
დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
კადრებში ჩანს, რომ დაზიანება მიყენებული აქვს ბრალდებულ ჭიღლაძესაც. ადვოკატის ცნობით, ექსპერტიზა ამ საკითხზეც დანიშნულია, თუმცა ის არ ჩატარებულა.

1 week ago
31







English (US) ·
Georgian (GE) ·