პალესტინელთა ტერიტორიაზე - ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმებისა და ცეცხლის გახსნის შედეგად ხუთშაბათს, ცალკეულ ინციდენტებში, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, განაცხადეს ტერიტორიის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა.
ქალაქ ღაზაში ავტომობილზე განხორციელებული დარტყმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, განაცხადეს მედიკოსებმა.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს ალმოდებული ნანგრევების გარშემო შეკრებილი ხალხის ბრბო და ნარინჯისფერჟილეტიანი სამაშველო ჯგუფები, რომლებიც მას წყალს ასხამდნენ.
სხვა დარტყმის შედეგად სამხრეთ ქალაქ ხან-იუნისში ველოსიპედით მოძრავი პალესტინელი მამაკაცი დაიღუპა, ხოლო ჩრდილოეთით, ჯაბალიის ლტოლვილთა ბანაკთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლისას ქალი მოკლეს, იუწყება Reuters -ის სააგენტო მედიკოსების ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ისრაელის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ხან-იუნისში „ჰამასის“ მებრძოლს დაარტყეს, თუმცა დამატებითი დეტალები არ უცნობებია.
სამხედროებმა დასძინეს, რომ ჯერ კიდევ ამოწმებენ ცნობებს ჯაბალიასა და ღაზას რაიონ ტელ ალ-ჰავაში განხორციელებული დარტყმების შესახებ.
ისრაელმა, რომელიც აცხადებს, რომ დაჯგუფება ჰამასი ხელახლა იარაღდება და თავდასხმებს ახორციელებს ერთწლიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით, ბოლო კვირებში დაჯგუფებაზე დარტყმები გაახშირა.
ჰამასი (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) უარყოფს თავდასხმების განხორციელების ან თავისი არსენალის აღდგენის მცდელობებს და ისრაელს ღაზის მშვიდობის შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებს.
გასული წლის აშშ-ის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ტერიტორიის საბოლოო აღდგენას ითვალისწინებს. თუმცა პროგრესი მცირეა, რადგან მომლაპარაკებლებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას იმ პირობებზე, რომელთა მიხედვითაც ჰამასმა იარაღი უნდა დაყაროს, ხოლო ისრაელმა თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს.
ისრაელის ავიაიერიშები გაგრძელდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ღაზაში სულ მცირე 1 500 პალესტინელი დაიღუპა, ტერიტორიის ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, ხოლო ისრაელი აცხადებს, რომ მისი ოთხი ჯარისკაცი მოკლეს.
7O ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ღაზაში ისრაელის საჰაერო და სახმელეთო იერიშის შედეგად.
გერმანიის Max-Planck-Institut für demografische Forschung-ისა (MPIDR) და დემოგრაფიული კვლევების ცენტრის (CED) გუნდმა ღაზაში კონფლიქტის სიკვდილიანობაზე ზეგავლენა გამოიკვლია.
მათ მიერ გაკეთებული შეფასებით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში ღაზაში 78 318 (70 614 – 87 504) ადამიანი დაიღუპა.
ისრაელმა ღაზას ომი დაიწყო რამდენიმე შეიარაღებული გაერთიანების მიერ სამხრეთში მოწყობილი თავდასხმის საპასუხოდ.
2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში ამ იერიშს დაახლოებით 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო და 250 მძევლად წაიყვანეს.
radiotavisupleba ახალი ამბები