საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, - რომელიც წინა კვირაში „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა, - ახალი, კორუფციული ბრალდება წარუდგინეს.
საქმე ეხება „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად აღებას“.
ეს საქმე უკავშირდება პატიმრობაში მყოფ ჯუანშერ ბურჭულაძეს, - თავდაცვის ყოფილ მინისტრს.
„ბურჭულაძემ გამოძიებასთან ითანამშრომლა“
24 აგვისტოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით 12 აგვისტოს მიმართა კორუფციისთვის მსჯავრდადებულმა ვასილ მხეიძემ, - ბურჭულაძის ცოლისძმამ, - და გამოძიებას „სრული ინფორმაცია“ მიაწოდა.
„ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც“, - განაცხადა მან.
ეს ბრალდება ბურჭულაძისა და მისი გარემოცვის საქმეს უკავშირდება.
ბურჭულაძისა და გარემოცვის დაპატიმრება
2026 წლის 23 აპრილს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს.
რამდენიმე თვით ადრე, 2025 წლის 11 სექტემბერს დაკავებული ექსმინისტრი გაასამართლეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით.
ბრალდების თანახმად, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ცოლისძმა ვასილ მხეიძისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის დახმარებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ეს მიმდინარე ახალი ამბავია - ინფორმაცია განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები